Belive

საქართველო VS ლუქსემბურგი - ყველაფერი ჩვენი მეტოქის შესახებ

5 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ნახევარფინალურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მატჩი 21 მარტს 21:00 საათზე არის დაგეგმილი.

ჩვენი მეტოქე საფეხბურთო სამყაროსთვის არც თუ ისე ცნობილია, მაგრამ დღესდღეობით ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, პერსპექტიული ნაკრები, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა. ლუქსემბურგი J ჯგუფში იმყოფებოდა, მეტოქეები კი ასეთი იყო: პირველი კალათიდან პორტუგალია, რომელიც ჯგუფის დაკომპლექტების დღიდან ფავორიტი იყო, ბოსნიის ნაკრები მეორე კალათიდან, ისლანდია მესამედან, ლუქსემბურგი მეოთხე კალათიდან მოხვდა ამ ჯგუფში, სლოვაკეთი მეხუთედან და ლიხტენშტეინი ბოლო მეექვსე კალათიდან.

თავდაპირველი ცხრილი:

ჯგუფმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

ვრცლად J ჯგუფის მიმოხილვა

ლუქსემბურგმა თავისი ქვეყნისთვის სარეკორდო 17 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა პორტუგალიის და სლოვაკეთის ნაკრებების შემდეგ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მათ ანგარიშზე 5 მოგებაა ლიხტენშტეინთან ორი (2:0), (0:1). ბოსნიასთან, რომელიც მეორე კალათიდან იყო წარმოდგენილი ორი (0:2), (4:1). ისლანდიასთან კი 1 მოგება საკუთარ არენაზე (3:1). მათ ანგარიშზე აღნიშნულ ჯგუფურ ეტაპზე ორი ფრეა ისლანდიასთან და სლოვაკეთთან. მარცხი კი 3 შეხვედრაში განიცადა, რომელიც არც თუ ისე მოულოდნელი შედეგი იყო, თუ გავითვალისწინებთ რა სიძლიერის ნაკრები იყო პირველი კალათიდან პორტუგალიის სახით, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი. ლუქსემბურგის ნაკრებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ პორტუგალიელების წინააღმდეგ თამაში იყო, პირველი მასპინძლის რანგში წააგეს 0:6, მეორე კი პორტუგალიას ესტუმრნენ და 9:0 დამარცხდნენ. ამ ორი მარცხის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ჯგუფის მეორე ადგილოსნის ვინაობის გამოსარკვევად, ალბათ, სლოვაკეთთან მარცხი იყო, სადაც ლუქსემბურგმა საკუთარ არენაზე მინიმალური სხვაობით 0:1 დათმო. ჯგუფურ ეტაპზე ბურთების შეფარდება კი ასეთია: 13:19-ზე (აქედან 15 ბურთი მხოლოდ ერთი ნაკრებიდან გაუშვეს, ეს კი როგორც ვახსენეთ პორტუგალიაა).

ლუქსემბურგის ტერიტორია კახეთზე დაახლოებით 4-ჯერ პატარაა, ქვეყანაში 660 000 ადამიანი ცხოვრობს. მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 135 605$-ია, რითიც ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველია.

ლუქსემბურგი როგორც საფეხბურთო ქვეყანა

ცოტა თემიდან გადავუხვიოთ და მიმოვიხილოთ ლუქსემბურგი, როგორც ქვეყანა. ჩვენი მომავალი მეტოქე დასავლეთ ევროპაში მდებარეობს, მას კი საფრანგეთი, ბელგია და გერმანია ესაზღვრება. მოსახლეობა დღეის მონაცემებით 660,809-ია. მოსახლეობის 52.8% ლუქსემბურგელია, 14.5% პორტუგალიელი, 7.6% ფრანგი, იტალიელი 3.7% და სხვა 21.4%.

მათთვის როგორც ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი სანატრელი ამბავია, არასდროს ყოფილან ევროპის პირველობაზე, ისევე როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე და აუცილებლად უდიდესი მოტივაციით, კარგი გუნდით იბრძოლებენ. 444 ჩატარებულ მატჩში 50 მოგება, 57 ფრე, 337 წაგება და FIFA-ს რეიტინგში 87 ადგილი (საქართველოს ნაკრები რეიტინგში 76-ე ადგილს იკავებს.) ისტორიით მათი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მსოფლიო ფეხბურთში 1948 წელს იყო ავღანეთთან 6:0, ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი კი ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც, ოთხი 9 ბურთიანი სხვაობით წაგება. გერმანიასთან, ორჯერ ინგლისთან და პორტუგალიასთან, ოთხივე შემთხვევაში მათ მიერ ვერ გატანილი გოლით 9:0 დამთავრდა.

H2H შეხვედრები

ჩვენთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ლუქსემბურგი არც თუ ისე უცხო მეტოქეა. მიმოვიხილოთ საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ჩატარებული ყველა შეხვედრა სხვადასხვა დროს, რომელიც 4 იყო და ყველა ამხანაგური. მნიშვნელობის მიხედვით მომავალი მატჩი უმნიშვნელოვანესია და პირველ ადგილს იკავებს.

პირველად საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 2001 წელს შეხვდა და დემეტრაძის დუბლით, რატი ალექსიძის ერთი გოლით საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგო.

მეორე შეხვედრა 2007 წელს გაიმართა, რომელიც უგოლო ფრე დასრულდა.

მესამე 2012 წელს და საქართველოს ნაკრებმა 1:2 გამარჯვების მოპოვება შეძლო. გოლის ავტორები ჩვენი ნაკრების მხრიდან: ლევან მჭედლიძე და ალექსანდრე ამისულაშვილი. ლუქსემბურგიდან: აურელიენ იოაკიმე.

მეოთხე და ჯერ-ჯერობით ბოლო შეხვედრაში დავმარცხდით 1:0 და იქაც წინა შეხვედრის მსგავსად გოლი აურელიენ იოაკიმემ გაგვიტანა.

შემადგენლობები და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირებულებები transfermarkt-ის მიხედვით.

სტუმრით დავიწყოთ, რომელიც ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის ნაკრები იქნება, მათი ნაკრების ფეხბურთელების მთლიანი ღირებულება 30.53 მილიონი ევროა.

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების სატრასნფერო ღირებულება

საქართველოს ნაკრების ღირებულება 144.35 მილიონი ევრო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სატრასნფერო ღირებულება

დანაკლისს რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების და ნაპოლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება, ესპანეთთან მიღებული მესამე ბარათი გარდამტეხი აღმოჩნდა და როგორც გაირკვა ჯგუფურ ეტაპზე მიღებული 3 ბარათი ავტომატურად შემდეგი მატჩის გამოტოვების წინაპირობაა.

ჩვენი მოწინააღმდეგის რიგებშიც არის დანაკლისი, მათი ერთ-ერთი ლიდერი დანელ სინანი ასევე ბარათის გამო გამოტოვებს შემდეგ მატჩს, სანქტ პაულის ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ასევე ლუქსემბურგის ნაკრებს ვერ დაეხმარება დანი მოტა, რომელმაც ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა. მათ ასევე ვერ დაეხმარებათ აზერბაიჯანული "საბაჰის" ფორვარდი ვინსენტ ტილი, მან "ყარაბაღის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა. ლუქსემბურგის ნაკრების და "ავსტრია ვენის" მცველმა მარვინ მარტინსმა "რაპიდის" წინააღმდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

ლუქსემბურგის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეტოქე ფინალურ ეტაპზე საბერძნეთი/ყაზახეთს შორის გამარჯვებული იქნება, მატჩი 26 მარტს თბილისში გაიმართება და სწორედ აქ გაირკვევა თუ ვინ ითამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები