"გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოსამუშავებლად ბევრი ვიბრძოლეთ" - გიორგი ჩაკვეტაძე
ინგლისის ჩემპიონშიპის სეზონი დასკვნით ფაზაში შედის, გიორგი ჩაკვეტაძე კი "უოტფორდის" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც ლონდონურ კლუბს პლეი-ოფის საგზურის მოპოვებაში ეხმარება.
დრამატული საკლუბო სეზონისა და მოახლოვებული სანაკრებო მატჩების შესახებ, "უოტფორდისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავს ვესაუბრეთ. betlive-ის ამბასადორმა მომდევნო მატჩების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მთავარ მწვრთნელთან დადებითი ურთიერთობაც აღნიშნა.
მნიშვნელოვანი სტადიაა და გადამწყვეტი თამაშებია, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო და გარემოა. ყველანი ერთი მიზნის ირგვლივ ვართ გაერთიანებული - ჩვენს უკან ჩვენი საოცარი გულშემატკივრები არიან და ეს ერთი დიდი ოჯახია, რომელიც საერთო მიზნის მისაღწევად ერთად იბრძვის. მიზანი პრემიერლიგაში დაწინაურებაა და ეს თითოეულ ფეხბურთელს ბოლომდე აქვს გათავისებული. შესაბამისად ამ მიზნის მისაღწევად ყველა ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს რომ გამოგვივა.
ტომ კლევერლი ძალიან კარგი ადამიანია. მასთან მუშაობა სასიამოვნო და ამასთანავე საინტერსოა. ბევრ რამეს ვსწავლობ, ბევრ ახალ საფეხბურთო ასპექტს ვიგებ და ეს განვითარებაში ძალიან მეხმარება. ჩემი როგორც ფეხბურთელისთვის, მთავარი და მნიშვნელოვანია მუდამ ვპროგრესირებდე და ვიზრდებოდე, ამიტომ ყველა დეტალზე დაკვირვება და კონცენტრაცია ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მწვრთნელისგან ნდობას როდესაც გრძნობ, ეს ძალიან დიდი კომფორტია და ბევრ რამეში გეხმარება - შენი თავის უკეთ წარმოჩენას უფრო მარტივად ახერხებ.
ინგლისში თამაში ფიზიკურად ძალიან დიდ მომზადებას საჭიროებს. თუ ფიზიკურად მზად არ ხარ, რაც არ უნდა ტექნიკური ან ძლიერი მოაზროვნე იყო, ინგლისში თამაში ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ ამ ასპექტებზე აქ გადმოსვლის დღიდან აქტიურად ვმუშაობ და ვფიქრობ კარგი პროგრესი მაქვს. მუდამ ვცდილობ ფიზიკურად მწყობრში ვიყო და ეს მარათონული სეზონი ასე გავიარო. თითქმის ყოველ 3-4 დღეში თამაში გვაქვს და ძალიან ინტენსიური ტემპია, ამიტომ მზად უნდა იყო ფიზიკურად და ეს დატვირთვები ბოლომდე უნდა აიტანო, შესაბამისად ამის შემდეგ პროცესიც უფრო კარგად მიდის. - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძემ მოახლოვებულ სანაკრებო მატჩებსა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად დიდი შრომა გასწია.
მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოსამუშავებლად ბევრი ვიბრძოლეთ და მგონია რომ ახლა მთელი ნაკრები ნებისმიერ მატჩში მხოლოდ დადებითი რეზულტატის მისაღწევად იბრძვის. სხვა ყველა შედეგი მიუღებელია. სომხეთთან პრინციპული მატჩები გველოდება, რთული მატჩები იქნება და აუცილებელია სრული შემართებით და კონცენტრაციით ვიყოთ, მოედანზე მაქსიმუმი დავდოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე რთული და საინტერესო ჯგუფია, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში მარტივი მეტოქე აღარც არსებობს. ალბათ თურქებთან უფრო დაძაბული მატჩები იქნება და ბულგარეთსა და თურქეთს შორის, ამ უკანასკნელთან თამაშებს უფრო ველოდები. განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შეხვედრის შემდეგ, მოტივაცია გაზრდილი მაქვს, მნიშვნელოვანი იქნება თითოეული შეხვედრა და უნდა შევეცადოთ რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. - გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, 2024 წლიდან გიორგი ჩაკვეტაძე betlive-ის ამბასადორია. 25 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სანაკრებო დებიუტი 2018 წელს შედგა და მას შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა "ჯვაროსნების" მაისური 35 მატჩში მოირგო. ჩაკვეს ანგარიშზე 9 სანაკრებო გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.