Belive

ევრობასკეტი | C-ჯგუფის პირველი ტურის შეჯამება

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ევრობასკეტის პირველ სათამაშო დღეს, მოვლენები საინტერესო სცენარით განვითარდა. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს C-ჯგუფი იწვევს, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ასპარეზობს და სადაც ჯვაროსნებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს.

C-ჯგუფი პირველი ტური:

  • საქართველო 83:69 ესპანეთი

  • ბოსნია 91:64 კვიპროსი

  • საბერძნეთი 75:66 იტალია

სათამაშო დღე საქართველოსა და ესპანეთის დაპირიაპირებით დაიწყო. ჩაგდებული მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, სადაც საქართველომ ყველა მატჩი წააგო, გულშემატკივრები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი და ბუნებრივია, რომ ესპანეთი ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა.

28 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფენომენალური თამაში შემოგვთავაზა და ძლევამოსილი მეტოქე სოლიდური სხვაობით (83:69) დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა. საქართველოსა და ტორონტო რეპტორსის პაუერ ფორვარდმა პარკეტზე 19 ქულის, 7 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

თუ საქართველოს გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბოსნიამ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გაამართლა ფავორიტის სტატუსი და აშკარა აუტსაიდერი, კვიპროსი მარტივად დაამარცხა.

კვიპროსი მასპინძლის სტატუსმაც ვერ იხსნა და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 27 ქულიანი სხვაობით (64:91) დამარცხდა. ბოსნიას იუსუფ ნურკიჩმა ულიდერა - მის ანგარიშზე 18 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

C-ჯგუფის პირველი ტურის დასკვნით მატჩში, საბერძნეთისა და იტალიის დაპირისპირება გაიმართა. საბერძნეთმა, რომელიც ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, იტალიის მარტივად დამარცხება ვერ შეძლო (75:66).

C-ჯგუფის მეტოქეების განხილვისას, სანდრო მამუკელაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საბერძნეთს ყველა მოთამაშეც რომ გამოაკლდეს, მხოლოდ იანის ანტეტოკუნმპოც საკმარისია მატჩის ბედის გადასაწყვეტად - დღეს ეს იტალიელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს და ბერძნების ლიდერის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. იანისმა 31 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და საბერძნეთის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

C-ჯგუფის მეორე ტურის მატჩები 30 აგვისტოს გაიმართება.

30 აგვისტო, 16:00 | იტალია Vs. საქართველო

30 აგვისტო, 19:15 | კვიპროსი Vs. საბერძნეთი

30 აგვისტო, 22:30 | ბოსნია Vs. ესპანეთი

სხვა სტატიები