Belive

უცნობი ისტორია: ვის ყიდულობდა ბარსელონა ბრაითვეითის ნაცვლად და რატომ ჩაიშალა ტრანსფერი? 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2020 წლის ზამთარში, "ბარსელონას" საკადრო პრობლემები ჰქონდა და კატალონიური გრანდის მთავარი ამოცანა თავდამსხმელის დამატება იყო, რომელიც ლუის სუარესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით, კლუბმა არჩევანი სედრიკ ბაკამბუზე შეაჩერა, რომელიც ბოლო წლებია კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში აგრძელებს. წარმოშობით ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც "ბეიჯინგის" ღირსებას იცავს, შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა, როცა ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო.

Image Credit: PA
"ვილიარეალის" ყოფილი ფორვარდი იმხანად სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა და ესპანეშთი გასამგზავრებლად ორი ფრენა უნდა შეესრულებინა. მას გეზი უკვე ჩინეთის დედაქალაქისკენ ჰქონდა აღებული, საიდანაც იგი ბარსელონაში გაემგზავრებოდა. მგზავრობისას, აეროპორტში მყოფმა კონგოელმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის ზარი მიიღო და შეიტყო, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა, მისი კარიერა კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში არ გაგრძელდებოდა. მოგვიანებით, ბაკამბუმ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად იხუმრა და წამყვანი სატრანსფერო გამოცემა, გერმანული Transfermatkt.com-ი Twitter-ის პოსტში მოიხსენია. 29 წლის ფეხბურთელმა "ტრანსფერმარკეტს" სთხოვა, მის სატრანსფერო ისტორიაში "თითქმის "ბარსელონაში" გადასული მიეთითებინათ, რასაც გერმანელებმა იუმორითვე უპასუხეს და ფეხბურთელის დარედაქტირებული პროფილის ფოტო გაუგზავნეს, სადაც მისი თხოვნა მართლაც შესრულებული იყო. ფეხბურთელმა ამ პოსტში ანტუან გრიზმანიც ახსენა, რომელთან ერთადაც საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია და დაწერა, რომ მათი დუეტის განმეორება სამომავლოდ გადაიდო.
No description available.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ "ბარსამ" ლა ლიგის ხელმძღვანელობისგან სპეციალური ნებართვა მიიღო და თებერვალში, ბაკამბუს ნაცვლად, "ლეგანესიდან" მარტინ ბრაითვეითი დაიმატა - დანიელმა ფეხბურთელმა კატალონიელებისთვის 7-ჯერ გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ბაკამბუს "ყვითელი წყალქვეშა ნავის" შემადგენლობაში, ლა ლიგაში 75-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარის აღება 31-ჯერ მოასწრო.

სხვა სტატიები