Belive

ჩელენჯ ქაფი | მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომელთაც თბილისში ვიხილავთ

9 თვის წინ რაგბი
5 წთ

ქართველი გულშემატკივრის დიდი ხნის ოცნება – რეალობად იქცა. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” ევროპის “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში იასპარეზებს. “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან.

ცნობილია, რომ “ჩელენჯ ქაფზე” ყველაზე მეტი (8) წარმომადგენელი გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატს (URC) ეყოლება. ტოპ 14 ექვსი კლუბით, ხოლო ინგლისის პრემიერშიპი 2 კლუბით იქნება წარმოდგენილი. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ დარჩენილი 2 კვოტა სპეციალურად მიწვეულ კლუბებს ერგოთ. სწორედ ამ გარემოების შედეგად მივიღეთ ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგი.

"შავი ლომი" მიწვეული გუნდი 2-ის სტატუსით მესამე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ძლევამოსილ მეტოქეებს დაუპირისპირდება. "ედინბურგი", "კასტრი", "კლერმონი", "გლოსტერი" და "სკარლეტსი" - ეს ის სარაგბო კლუბებია, რომლებიც "შავ ლომს" ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

ცნობილია, რომ "ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონი 8 დეკემბერს აიღებს სტარტს. პლეი-ოფები 2024 წლის 5 აპრილს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 2024 წლის 24 მაისს, ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" სტადიონზე გაიმართება.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "შავი ლომი" ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც შოტლანდიის, უელსის, საფრანგეთისა და ინგლისის ისტორიულ და სახელოვან სარაგბო კლუბებს დაუპირისპირდება.

"ჩელენჯ ქაფის" Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ "შავი ლომი" თბილისში "კასტრსა" და "სკარლეტს" უმასპინძლებს, ხოლო სტუმრად "გლოსტერსა" და "კლერმონს" შეერკინება.

თითოეული ამ სარაგბო კლუბის განაცხადში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მრავლად არიან, რომელთაც თბილისში ვიხილავთ. "კლერმონისა" და "კასტრის" განაცხადში ქართველი მორაგბეებიც ირიცხებიან. "გლოსტერი" ცოტა ხნის წინ დატოვა გიორგი კვესელაძემ, რომელიც დიდი ალბათობით "შავ ლომს" დაემატება, თუმცა, ინგლისური კლუბის განაცხადში წარმოშობით ქართველი ბურჯი - ვალ რაფავა-რუსკინი ირიცხება, რომელიც "ალუბლების" გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.



"ედინბურგი": ძირითადი ბირთვი შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. "ედინბურგში" თამაშობს "ნარშავების" კაპიტანი - ჯეიმი რიჩი და ნაკრების აბსოლუტური უმრავლესობა. უილემ პეტრუს ნელი, პიერ სკუმანი, დევიდ ჩერი, გრანტ გილკრისტი, სემ სკინერი, ჯეიმი რიჩი, ჰემიშ უოტსონი, ბენ ჰილი, ბლერ კინგჰორნი, დუან ვან დერ მერვე, დარსი გრემი. ეს "ედინბურგის" ვარსკვლავური შემადგენლობის არასრული ჩამონათვალია. აღსანიშნავია, რომ დარსი გრემმა "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირების დროს, ქართველ გულშემატკივარს არც ისე სასიამოვნოდ დაამახსოვრა თავი.

"კასტრი": ფრანგული სარაგბო კლუბის ღირსებას ქართველი ბურჯი - ლევან ჩილაჩავა იცავს. ჩილაჩავას მხარდამხარ არაერთი ფრანგი და ფიჯელი და ახალ ზელანდიელი ვარსკკვლავი ასპარეზობს. მაგალითად: ლეონე ნაკარავა, ფილიპო ნაკოსი, ჯეკ გუდჰიუ, გაეტან ბარლო.

"კლერმონი": წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" დუდუ ქუბრიაშვილმა "კლერმონი" დატოვა. ფრანგული კლუბის ძირითად ბირთვს შემდეგი მორაგბეები წარმოადგენენ - ფოლაუ ფაინგა'ა, მუჰამედ აუასი, რაბა სლიმანი, ტომას ლავანინი, მარკოს კრემერი, პესელი იატო, ბენჯამინ ურდაპილეტა, ბაუტისტა დელგუი და სხვა ვარსკვლავები იცავენ. "კლერმონის" განაცხადში გიორგი ბერია და გიორგი ძმანაშვილი.

"გლოსტერი": ინგლისის პრემიერშიპის ბინადარი კლუბის ღირსებას წარმოშობით ქართველი ვალ რაფავა-რუსკინი იცავს. როგორც მოგახსენეთ, "გლოსტერი" ცოტა ხნის წინ დატოვა გიორგი კვესელაძემ. ინგლისურ კლუბში ძირითადად ინგლისელი, უელსელი, არგენტინელი და იტალიელი მორაგეები ჭარბობენ: ჯეკ სინგლტონი, სანტიაგო სოჩინო, მატიას ალემანო, ლუის ლუდლოუ, ალბერტ ტუისუე, სტეფან ვარნი, ადამ ჰასტინგსი, კრის ჰარისი, ლუის რის-ზამიტი, სანტიაგო კარერასი.

"სკარლეტსი": უელსური სარაგბო კლუბის განცხადში მრავლად ვიხილავთ უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებს. განსაკუთრებით "დრაკონების" ფორვარდების სიმრავლეა: ვინ ჯონსი, რის ელიასი, კენ ოუენსი, ალექს კრეიგი, ვაეა ფიფიტა, ჯოშ მაკლეოდი, ჯონი მაკინჰოლი.

შეგახსენებთ, "ჩელენჯ ქაფის" 2023/24 წლების სეზონი 8 დეკემბერს აიღებს სტარტს. პლეი-ოფები 2024 წლის 5 აპრილს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 2024 წლის 24 მაისს, ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები