Belive

უელსელმა ვარსკვლავმა სარაგბო კარიერის დასრულება და NFL-ში თამაში გადაწყვიტა

11 თვის წინ რაგბი
2 წთ

უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "გლოსტერის" 22 წლის ვარსკვლავმა, ლუის რის-ზემიტმა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, რის-ზემიტმა, "გლოსტერს" გათავისუფლება სთხოვა, რათა დიდი ხნის ოცნება აიხდინოს და ამერიკული ფეხბურთის (NFL) თამაშის შესაძლებლობა მიიღოს.

ლუის რის-ზემიტი შეუერთდება პროგრამას სახელწოდებით: "საერთაშორისო მოთამაშეთა გზა", რათა საკუთარი უნარები კიდევ უფრო დახვეწოს და ამერიკული ფეხბურთის სათამაშოდ მოემზადოს. "გლოსტერმა" ოფიციალური განცხადებით დაადასტურა უელსელი მორაგბის გუნდიდან წასვლა და მას სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა.

""გლოსტერმა" განაცხადა თანხმობა გუნდიდან დაუყოვნებლივ გაუშვას ლუის რის-ზემიტი, რათა 22 წლის მოთამაშემ, აიხდინოს დიდი ხნის ოცნება და ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (NFL) ითამაშოს", - აღნიშნულია "გლოსტერის" განცხადებაში.

თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ლუის რის-ზემიტმაც, რომელმაც ინგლისურ სარაგბო კლუბს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "გლოსტერი" მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

"გლოსტერი" ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კლუბმა ჩემს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე, უდიდესი პატივი მქონდა, რომ წარმომეჩინა ჩემი ქვეყანა და მეთამაშა რაგბი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მაისურით. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ახლა არის იდეალური დრო, რათა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევა მივიღო და ამერიკული ფეხბურთის სათამაშოდ აშშ-ში გავემგზავრო. ასეთი შესაძლებლობა ხშირად არ გვეძლევა - ლუის რის-ზემიტი.

შეგახსენებთ, 22 წლის ლუის რის-ზემიტს უელსის მორაგბეთა ნაკრების კეპი 31 შეხვედრაში აქვს მოხვეჭილი, სადაც 14 ლელოს გატანა შეძლო. რის-ზემიტმა სადებიუტო სანაკრებო ლელო ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გაიტანა, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე კი 3 ლელო გაგვიტანა და "დრაკონების" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები