საქართველოს ნაკრებმა თბილისის თასზე იორდანია დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, თბილისის საერთაშორისო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიაში პირველად აზიური ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის არენაზე ითამაშა და იორდანია - 86:69 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მექულე გახდა. "სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელმა 19 ქულა, 5 მოხსნა, და 2 შედეგიანი პასი მოაგროვა. რაც შეეხება ჩვენი ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელია შეხვედრაში ერთადერთი კალათბურთელი იყო რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის აქტივში 16 ქულა და 10 მოხსნა იყო, სამმაგ დუბლამდე მას 4 პასი დააკლდა. 10-ქულიან ნიშნულს კიდევ ერთი ქართველი, გოგა ბითაძე გადასცდა, რომლის მონაგარმაც 13 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა.
საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის თასის ფინალში გავიდა სადაც მონტენეგროს ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 13 აგვისტოს, კვლავ თბილისი არენაზე გაიმართება.