საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება დაიწყო. დღეს, თბილისი არენაზე ალექსანდრ ჯიკიჩმა ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით ავარჯიშა. ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან. ცხადია, ეს არ ეხება NBA-ში მოასპარეზე კალათბურთელებს.
ამჯერად, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით ფანჯარას ევროლიგის თამაშები არ ეკვეთება. შესაბამისად, გათავისუფლდა თუ არა თორნიკე, ნაკრებისკენ გამოეშურა და დღეს, თბილისი არენაზე ყველა დანარჩენ ლეგიონერთან და სუპერლიგის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშა. სამწვრთნელო შტაბიც ბოლომდე შეივსო. მთავარ მწვრთნელთან – ალექსნდრ ჯიკიჩთან და მის ასისტენტებთან – ანატოლი ბოისასა და ფილიპ მიხაილოვიჩთან ერთად დღევანდელ ვარჯიშზე თავიანთი ევროპული კლუბებიდან ჩამოსული მანუჩარ მარკოიშვილი და მარკო ესპოზიტოც იყვნენ.
მწვრთნელთა შტაბის განკარგულებაში 15 კალათბურთელია. ლეგიონერები – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი და მათე ხატიაშვილი. სუპერლიგის მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია და სანდრო სანაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 თებერვალს დანიის ნაკრებს შეხვდება, თამაში თბილისი არენაზე 20:50-ზე დაიწყება. თუ ჩვენი ნაკრების გამარჯვებას მოახერხებს, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ნაადრევად გავიფორმებთ.