სამიდან სამი გამარჯვება და ბომბარდირთა ლიდერი - გიორგი გულიაშვილის ბრწყინვალე სტარტი
ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი, გიორგი გულიაშვილი 2024/25 წლების სეზონს რომ შესანიშნავად იწყებს, ამაზე, რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ.
წინა წლის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდს ბოსნიაშიც ვესაუბრეთ და როგორც ინტერვიუს დროს აღნიშნა, შეეცდება, რომ სათამაშო ფორმა რეგულარულად შეინარჩუნოს.
მართლაც, 22 წლის თავდამსხმელისთვის მომდევნო მატჩიც წარმატებული გამოდგა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მესამე ტურში "სარაევომ" "გაბელას" (3:1) აჯობა და ქართველმა ფორვარდმა გოლის გატანა იქაც მოახერხა.
გიორგი გულიაშვილი ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სრულად ითამაშა, 45-ე წუთზე კი თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მნიშვნელოვანია, რომ "სარაევომ" სამივე მატჩი იდენტური ანგარიშით 3:1 მოიგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლის გატანა ყველა შეხვედრაში მოახერხა. გიორგი გულიაშვილის აქტივში 4 გატანილი გოლი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობაა. რაც შეეხება გუნდს, დედაქალაქელებს ჩემპიონატის 100%-იანი დასაწყისის შემდეგ სატურნირო ცხრილში საწყისი პოზიცია უკავიათ. "სარაევო" შემდეგ მატჩს 24 აგვისტოს, "ზრინსკისთან" გამართავს.