Belive

გიორგი გულიაშვილი: "სეზონის კარგი სტარტი მაქვს და შევეცდები, ასე გავაგრძელო"

1 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2024/25 წლების სეზონი ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებულად დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი გიორგი გულიაშვილია, რომელიც ბოსნიის ჩემპიონატში 3 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი ორიდან ორი გამარჯვებით ცხრილის სათავეში იმყოფება, 22 წლის ქართველმა კი მეტოქის კარი ევროპულ ტურნირზეც (კონფერენს ლიგაზე "აქტობესთან" მატჩში) აიღო.

გიორგი გულიაშვილს ბოსნიაში დავუკავშირდით და სეზონის ბრწყინვალე სტარტისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ვესაუბრეთ.

სეზონი გამარჯვებებით და გოლებით დაიწყე. როგორ ფრომაში ხვდები ახალ სეზონს შენი აზრით და არის თუ არა ეს შენს კარიერაში საუკეთესო სტარტი?

შემიძლია ვთქვა რომ თავს როგორც ფიზიკურად, ასევე სათამაშო კუთხით ძალიან კარგად ვგრძნობ, სეზონის სტარტი კარგი მაქვს. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ კარიერაში საუკეთესო და ვეცდები ასე გავაგრძელო.

ევროპულ ტურნირებზე გოლის გატანაც შეძელი, მაგრამ გუნდმა ჯგუფურ ეტაპამდე ვერ მიაღწია. ახალ სეზონში მთავარი ამოცანა და მიზნები რა იქნება?

„სარაევოს“ მთავარი ამოცანა ყოველთვის, ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვებაა და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. კარგი სტარტის შემდეგ ვეცდებით ასე გავაგრძელოთ.

რა თქმა უნდა, მეტის მოლოდინი გვქონდა. რთული მატჩები ჩავატარეთ ევროტურნირებზე, სამწუხაროდ ასპარეზობას მეორე ეტაპიდან გამოვეთიშეთ, ახლა კი უკვე მთლიანად  ჩემპიონატზე ვართ ფოკუსირებულები.

წინა სეზონი "ველეჟ მოსტარში" იჯარით გაატარე და შესანიშნავი სტატისტიკაც აჩვენე. როგორ ფიქრობ, რამდენად დაგეხმარა იქ თამაში "სარაევოში" ადგილის დამკვიდრებაში.

„ველეჟ მოსტარში“ გატარებული სეზონი ჩემთვის მართლაც გამორჩეული იყო და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის. ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება ეს პერიოდი.

ჩემი აზრით, წინა სეზონი, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ადგილი გუნდში უფრო უკეთესად დამემკვიდრებინა. ამიტომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

რაც შემეხება მე, შევეცდები რომ გოლების გატანით თუ საგოლე პასების გაკეთებით დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.

კარგი სეზონის შემდეგ, "სარაევოში" დაბრუნების გარდა სხვა არჩევანიც ხომ არ გქონდა?

წინა სეზონის შემდეგ, სხვა გუნდისგან ოფიციალური წინადაბდება არ მიმიღია და ამ ეტაპზე სრულად „სარაევოზე“ ვარ კონცენტრილებული. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

შენ იმ თაობის წევრი ხარ, რომელმაც საქართველოს ისტორიული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აჩუქა. ამ გუნდს ტურნირზე დაბრუნების მორიგი შესაძლებლობა აქვს. რა მოგონებები გაქვს წინა წლის ზაფხულთან და როგორ შეაფასებ მათ შანსებს?

წინა წლის ზაფხული ჩემთვის და ალბათ მთლიანად საქართველოსთვის განსაკუთრებული გამოდგა, ახლაც კი მახსოვს ის დაუვიწყარი ემოციები.

რაც შეეხება ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს, მჯერა შეუძლიათ დაბრუნდნენ ამ ტურნირის შემდეგ გათამაშებაში, კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ასეთ დიდ ფორუმზე და მრავალი გამარჯვება აჩუქონ ქართველ გულშემატკივარს, მინდა, რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს წარმატებები ვუსურვო.

2024 წელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო გამოდგა. როგორია შენი ემოციები ამ წარმატების შემდეგ? ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხომ არ ყოფილხარ? არის თუ არა ეს შენთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცია და რა უნდა იყოს საქართველოს ნაკრების შემდეგი ნაბიჯი დიდ ფეხბურთში?

2024 წელი დარწმუნებული ვარ დიდი ასოებით ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე გერმანიაში ჩასვლა და ჩვენი ბიჭებისთვის ტრიბუნიდან გულშემატკივრობა.

მინდა მათ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ემოციისთვის რაც ყველამ ერთად გავიზიარეთ და დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორც უკვე ვთქვი, ეს დასაწყისია და მჯერა იმის, რომ სისტემატურად ვიქნებით დიდი ტურნირების მონაწილეები.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა ჩემი ქვეყნის ნაკრების ასეთი წარმატებული თამაში. ჩემთვის, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ოცნებაა ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა.

სხვა სტატიები