"მინდა, რომ ბაიერნთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოვიგო და ევროლიგაზე წარმატებას მივაღწიო" - კამარ ბოლდუინი
ოფიციალურად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი მიუნხენის ბაიერნში ითამაშებს. გერმანულმა კლუბმა 27 წლის კალათბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბაიერნის ოფიციალური საიტი კამარის შესახებ წერს:
საკალათბურთო კლუბი ბაიერნი აგრძელებს უკანა ხაზის გაძლიერებას: გერმანიის ჩემპიონმა ამერიკელი გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი დაიმატა, რომელიც გასულ სეზონში ევროლიგასა და ესპანეთის ACB-ის ბასკონიაში თამაშობდა. 27 წლის კალათბურთელმა მიუნხენურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ 1 სეზონის გახანგრძლივებას მოიცავს. ამერიკელი, ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობის მცველი 2025 წლის ევრობასკეტისთვის ემზადება, რომელიც 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება.
გაოფიციალურების შემდეგ, თავად კამარ ბოლდუინმაც გააკეთა კომენტარი:
ძალიან აღფრთოვანებული ვარ მიუნხენით. მწვრთნელმა გორდიმ და გენერალურმა მენეჯერმა დრაგანმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ აქ გადმოვსულიყავი. ცოტათი ვიცნობ ბაიერნს და შიდა ჩემპიონატს, თუმცა ბევრი რამ შეიცავალა. მინდა, რომ გერმანიის ჩემპიონატი (BBL) მოვიგო და გუნდს ევროლიგის პლეი-ოფში გასვლაში დავეხმარო. მე ვარ მცველი, რომელსაც ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში, შემიძლია ვითამაშო როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვაზე. გასულ სეზონში რამდენიმე მიზეზის გამო საუკეთესო კალათბურთი ვერ ვითამაშე, თუმცა მზად ვარ, მიუნხენში ჩემი სტილი ვაჩვენო. ჩემი თამაში მოედნის ორივე მხარეს საკმაოდ შედეგიანი და აგრესიულია.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2025 წლის ევრობასკეტზე გვსურს, რომ ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადავლახოთ და ამის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია. - კამარ ბოლდუინი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე
ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, დრაგან ტარლაკმა ბოლდუინის შესახებ და საქართველოსთან ერთად 2025 წლის ევრობასკეტზე ისაუბრა:
კამარი ლიდერის თვისებების მქონე მამოძრავებელი მცველია, რომელიც ყოველთვის თავისი გუნდისთვის თამაშობს. როგორც კალათბურთელი, ის წლიდან წლამდე სტაბილურად ვითარდებოდა, ევროლიგაზეც ითამაშა და შთამბეჭდავი წვლილი შეიტანა საქართველოს ევრობასკეტზე კვალიფიკაციაში. ჩვენ ვიცით, რომ ის შესანიშნავი თანაგუნდელი და ასევე შესანიშნავი პიროვნებაა. ჩვენ ვიღებთ მოთამაშეს, რომლის აღმავლობა ჯერ კიდევ პროცესშია და მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მჯერა, რომ ის სრულად ჩაერთვება თითოეულ მატჩში და თავს გაწირავს ბაიერნის ოჯახისთვის. - დრაგან ტარლაკი - ბაიერნის სპორტული დირექტორი
𝐖𝐄𝐋𝐂𝐎𝐌𝐄 𝐊𝐀𝐌𝐀𝐑 👋
— FC Bayern Basketball (@FCBBasketball) August 6, 2025
🇺🇸 We've signed @kamar3baldwin from @Baskonia, who also played in the @easyCreditBBL for @BGGoettingen! Read all about it ⤵️#FCBB #WeBallTogether
კამარ ბოლდუინი კარიერის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, ესენია:
ბატლერის უნივერსიტეტი (NCAA) - 2016 - 2020 წლები
ტურკ ტელეკომი ანკარა (თურქეთი) - 2020 - 2021 წლები
გოტინგენი (გერმანია) - 2021 - 2022 წლები
მეინ სელტიკსი (NBA G-ლიგა) - 2022 – 2023 წლები
აკვილა ბასკეტ ტრენტო (იტალია) - 2023 - 2024 წლები
ბასკონია (ესპანეთი) - 2024 - 2025 წლები