მედია: "კვარა ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ლუის ენრიკეს სურს"
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ევროპულ მედიაში აქტიურად საუბრობენ. საუბრის ძირითადი თემა ქართველის მხრიდან იტალიის 2023 წლის ჩემპიონ გუნდთან კონტრაქტის პოტენციური გახანგრძლივება, ან ახალ გუნდში გადასვლა გახლავთ.
ყველაზე აქტიურად "პარი სენ-ჟერმენის" სახელს ახსენებენ, რომელსაც 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება სურს. ამ თემას კიდევ ერთი სიახლე დაემატა, რომელსაც ფრანგულ მედიაში ავრცელებენ. კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატება უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სურვილია.
"ლუის ენრიკეს სწრაფი გარემარბის დამატება სურს, რომელსაც ერთი-ერთზე თამაში ძალიან კარგად შეუძლია. მას ქართველი ფეხბურთელის პროფილი შესთავაზეს და ის ძალიან მოიწონა. ლუჩოს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომლის დამატებაც მას სურს", - წერს Actualité PSG.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ 8 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა.