Belive

ისტორიული მატჩის არბიტრი | ჩრდ.ირლანდიასთან შეხვედრას ისრაელელი განსჯის

2 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უეფას ერთა ლიგის ახალ, 2026/2027 წლების სეზონის B დივიზიონს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო კედლებში გასამართი მატჩით დაიწყებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე ისრაელელ მსაჯთა გუნდი იმუშავებს.

მატჩის მთავარ არბიტრად ორელ გრინფილდია დანიშნული, გვერდითი მსაჯები, როი ჰასანი და იდან იარკონი არიან, VAR-ის ოთახში ელი ჰაკმონი და გალ ლეიბოვიცი იმუშავებენ, ხოლო მეოთხე არბიტრად სნირ ლევია გამწესებული.

ორელ გრინფილდს ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდე რამდენჯერმე ჰქონია და მისი მსაჯობით საქართველოს ნაკრებმა როგორც ახალგაზრდული, ისე მთავარი გუნდით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა შესაძლო შედეგი დააფიქსირა.

2013 წლის 23 ივლისი, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი, სერბეთი - საქართველო, 1:0

ლიეტუვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელთა ნაკრებმა სადებიუტო მონაწილეობის დროს მომავალ ჩემპიონ სერბეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. იმ გუნდიდან საქართველოს ნაკრებში ამჟამად ლაშა დვალი და ბუდუ ზივზივაძე თამაშობენ. იმ მატჩში ყვითელი ბარათები საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ბაჩანა არაბულმა, ვანო მარკოზაშვილმა და გურამ სამუშიამ მიიღეს.

2017 წლის 5 სექტემბერი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ავსტრია - საქართველო, 1:1

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ვენაში ფრედ ითამაშა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლის გატანა ვაკო გვილიამ მოახერხა, გიორგი ქვილითაიამ კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ავსტრია - საქართველო 1:1 - GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

2024 წლის 7 სექტემბერი, უეფას ერთა ლიგა, B დივიზიონი, პირველი ტური, საქართველო - ჩეხეთი, 4:1

სათამაშო ხარისხით, მაღალი დონის მეტოქესთან დაფიქსირებული დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვების გამო, თბილისში, მიხეილ მესხზე ჩატარებული მატჩი სამართლიანად მიიჩნევა საქარველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლების გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა მოახერხეს. ორელ გრინფილდმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, ყვითელი ბარათები კი ხვიჩა კვარაცხელიას, შოთა ნონიკაშვილს და გიორგი ქოჩორაშვილს უჩვენა.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საქართველო 4:1 ჩეხეთი


სხვა სტატიები