"მასზე ძვირადღირებულ მეკარეებზე უკეთ თამაშობს" - ესპანური მედია მამარდაშვილის შესანიშნავ ფორმას ეხმაურება
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს ლა ლიგის ოფიციალურ პლატფორმასა და სტატისტიკურ კომპანიებთან ერთად, ესპანური მედია საშუალებებიც ეხმაურებიან. ერთ-ერთი მათგანი, jornadaperfecta.com ქართველი მეკარის შესახებ წერს, რომ ის ლა ლიგაში მოთამაშე და Fantasy-ში მასზე უფრო ძვირად შეფასებულ მეკარეებზე გაცილებით უკეთ თამაშობს.
"ამ სეზონის, ახალგაზრდული "ვალენსიას" შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გოლეადორული თვისებებით არ გამოირჩევა, არის ისეთი ფაქტორი, რომელიც ქულების დაგროვების გარანტია.
ისეთი მეკარის ყოლაა, რომელიც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, გუნდებისთვის მიზნის მისაღწევად მთავარი ფაქტორია. "მესტალიაზე" ასეთი გიორგი მამარდაშვილია.
აუცილებელია სხვა მეკარეებთან შედარება, რომლებიც ფენტეზიში კარგ შედეგებს აჩვენებენ და ქულებს გვაძლევენ. მაგალითად, დავიდ სორია და დიმიტრევსკი, რომლებსაც ქართველთან როგორც ქულების რაოდენობით, ისე ღირებულებით ბევრი საერთო აქვთ. ერთი ნაბიჯით ზემოთ იქნებოდნენ უნაი სიმონი, კეპა არისაბალაგა ან ალვარო ვალესი, ხოლო მთავარ სცენაზე ტერ შტეგენი, კონან ლედესმა და ალექს რემირო.
გასულ მატჩებში მამარდაშვილის ქულების რაოდენობა ტერ შტეგენისა და რომეროს მონაცემებს აღემატება.
გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც 2 წლის წინ, "ვალენსიას" სარეზერვო გუნდიდან დაწინაურდა, სანაკრებო დონის მეკარეებს, რომლებიც წარსულში "ვალენსიას" კარს ღირსეულად იცავდნენ, ძირითად შემანედგლობაში ადგილი წაართვა.
ის ამჟამად ფორმის პიკზეა. როგორც აღვნიშნეთ, მისი საშუალო მაჩვენებელი Diario AS-ში და LaLiga Fantasy-ში გასულ ექვს მატჩში 6 ქულაა. იმის გათვალისწინებით, რომ "ვალენსიას" კარში ის უკონკურენტოა, გადამწყვეტი ფაქტორია მისი დამატების კუთხით.
თუ ფენტეზის აქტიური მოთამაშე ხართ და შემადგენლობის გაუმჯობესება გსურთ, მაშინ ჩვენი რეკომენდაცია ქართველი მეკარის დამატებაა, რომელიც უსაფრთხოების გარანტია იქნება", - წერს jornadaperfecta.com-ი.
გიორგი მამარდაშვილმა მე-11 ტურში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი დაიმსახურა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 2:2. რაც შეეხება უშუალოდ "ვალენსიას", ღამურებს 11 ტურში დაგროვებული 15 ქულით მეცხრე პოზიცია უკავიათ და შემდეგ ტურში 5 ნოემბერს, "გრანადას" საშინაო კედლებში უმასპინძლებენ.