"მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა" - ზურიკო დავითაშვილი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა.
ვარჯიშამდე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, ოთარ კიტეიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრეს:
მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს. - ზურიკო დავითაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
რამდენიმე დღეა რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად.
განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. - ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც უკრაინასთან შეხვედრის მასპინძელ ბათუმი არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.
16 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.