Belive

"კვარაცხელიას ამბის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს" - თემურ ქეცბაია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მთავარი მწვრთნელი და ახლა უკვე კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში თავის წარსულზე და ამჟამინდელი ნაკრების მწვრთნელობის პერიოდზე საუბრობს

საქართველო - კვიპროსის დაპირისპირებაზე

გვინდოდა, რომ აგვეცილებინა ერთმანეთი და საქართველო - კვიპროსი ერთ ქვეჯგუფში არ მოხვედრილნიყვნენ, მაგრამ ეს ასე მოხდა და ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, რადგან მე მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე, მქონდა იმის ბედნიერება რომ ვყოფილიყავი ასევე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 5 წლის განმავლობაში. არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ პროფესიონალურად. უფრო მეტად ემოციური იყო თბილისში ჩატარებული მატჩი. კვიპროსი ჩემთვის არ არის უცხო ქვეყანა, რადგან 33 წელია იქ ვცხოვრობ. ძნელი იყო, მაგრამ რაღაცნაირად გადავლახეთ ეს ბარიერი. - თემურ ქეცბაია

ფეხბურთში პირველი ნაბიჯები და თბილისის სპორტულ სკოლაში გადასვლა

მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც მამაჩემმა თბილისში სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამომიყვანა. სინჯებზე ვიყავი, სადაც საუკეთესოდ წარმოვაჩინე თავი, მაგრამ სპორტულ სკოლაში როდესაც მივედით, იქ სავარჯიშოდ თანხა იყო საჭირო, რომელიც 500 მანეთს შეადგენდა. მაშინ მამაჩემს ბიძაჩემის ნაჩუქარი სამბორბლიანი მოტოციკლეტი ჰყავდა, რომელიც შვილებივით უყვარდა, მაგრამ მოუწია გაყიდვა, რომ მე სპორტულ სკოლა ინტერნატში დავრჩენილიყავი. ამას როგორ დავივიწყებდი, რა თქმა უნდა, შვილისთვის ყველაფერს გააკეთებ ადამიანი, მაგრამ მარტო მე ხო არ ვიყავი შვილი, ჩემ გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავდა მამაჩემს. მთელი ჩემი ცხოვრება ეს მახსოვდა და ამიტომ ეს სტიმული იყო ჩემთვის, რომ ჩემს კარიერაში გამეკეთებინა მაქსიმუმი. - თემურ ქეცბაია

საქართველოს ნაკრებში, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი

როგორც ფეხბურთელი, ყველაზე დაფასებულად მაინც საქართველოში ვგრძნობ თავს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი აქ ვითამაშე ფეხბურთი, ისევე როგორც ვიყავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ მწვრთნელმა და ფეხბურთელმა კვიპროსისთვის ბევრი გავაკეთე, მაგრამ სულ იმას ვფიქრობდი, რომ ნეტა ასეთი რაღაც საქართველოშიც გამეკეთებინა, როგორც მწვრთნელს. არამგონია, რომ მე რამე დავაკელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, უბრალოდ იმის შესაძლებლობა და რესურსი არ იყო, რომ უკეთესი რაღაც გაგვეკეთებინა და სულ ამაზე მწყდება გული, 5 წელი ვიყავი ნაკრების მწვრთნელი და ვერ მოვახერხე ის, რომ გაგვეკეთებინა ის რასაც ოცნებობდა ქართველი გულშემატკივარი.

საქართველოს ნაკრებს მე რომ წავედი ჰქონდა ერთა ლიგაზე პირველ ადგილზე გასვლის შემდეგ ძალიან კარგი შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, ეს იყო კოვიდის გამო და გულშემატკივრების არ ყოფნის მიზეზი და ახლა არის შანსი, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ყველას გვინდა, ვგულშემატკივრობთ, რომ ეს შედეგი დადგეს. - თემურ ქეცბაია

ლუქსემბურგის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ ყოფნაზე

ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა და მთელი ქვეყანა ფეხბურთზე ლაპარაკობს, ეს ძაან დიდი მნიშვნელობისაა. ძალიან ნიჭიერი 22 წლის ბიჭი, რომ წახვალ იტალიაში ამხელა დონის ჩემპიონატში და პირველივე სეზონში ასე ითამაშებ და საუკეთესო ფეხბურთელი გახდები ეს ძალიან დიდი მიღწევაა. დიდი მოტივაციაა არამარტო ხვიჩასთვის, არამედ ყველა ბავშვისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშონ.

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს ნახევარფინალში, მაგრამ მე სულ იმას ვიძახი, რომ ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც არ არის ესპანეთი, ნორვეგია ან შოტლანდია, ეს არის ლუქსემბურგის ნაკრები. ყველა გუნდი და მეტოქე უნდა დააფასო, მაგრამ ჩვენ ფინალურ ეტაპზე უნდა მოვხვდეთ და ლუქსემბურგს უნდა მოვუგოთ.

ხდება ასეთი რაღაცეები, ჩვენც კვიპროსის ნაკრებშიც გვქონდა ეგ პრობლემა. ქვეჯგუფში დარჩენის პლეიოფს ვთამაშობთ, ჩვენც გვყავდა ფეხბურთელი, რომელსაც 2 ყვითელი ბარათი აქვს, ვიკითხე გუნდში და შემდეგ ეტაპზე არ გადაყვება სხვადასხვა ტურნირებიაო. წესებშიც ბუნდოვნად წერია, გარკვევით არ წერია, რომ 3 ყვითლის მიღების შემდეგ ფეხბურთელი თამაშს ტოვებს და აქედან გამომდინარე ჩვენც არ ვიცოდით. როდესაც ჩამოვედი საქართველოში და გავიგე კვარა რის გამოც არ ითამაშებდა მაგით მივხვდი, რომ ჩვენი ფეხბურთელიც ვერ ითამაშებდა, რადგან მან როგორც ხვიჩამ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო.

კარგი იქნებოდა, რომ სცოდნოდა ფეხბურთელსაც ამის შესახებ და ყვითელსაც ასე არ აიკიდებდა, სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა. - თემურ ქეცბაია

სხვა სტატიები