Belive

გვჯერა | ხვიჩა კვარაცხელიას პორტრეტი

9 თვის წინ ქართული სპორტი
12 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ჩვენს რუბრიკაში შემდეგი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგის შემტევი და ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო ფიგურა ხვიჩა კვარაცხელიაა.

სახელი და გვარი: ხვიჩა კვარაცხელია

ასაკი: 23 წლის

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 70 კგ

კარიერა: "დინამო თბილისი" - "რუსთავი" - მოსკოვის "ლოკომიტივი" - ყაზანის "რუბინი" - "დინამო ბათუმი" - "ნაპოლი"

მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 28

გოლი: 15

საგოლე პასი: 5

კვარას კარიერის დასაწყისი და მცირე პერიოდი "დინამო თბილისში"

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერა, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობის, საქართველოში დაიწყო, კერძოდ "დინამო თბილისში". თბილისური კლუბის აკადემიაში ქართველი ფეხბურთელი 5 წელი ირიცხებოდა, 16 წლის ასაკში კი თამაში უკვე მთავარ გუნდში გააგრძელა. ხვიჩას დებიუტი 2017 წლის 29 სექტემბერს "კოლხეთი 1913"-ის წინააღმდეგ მატჩში შედგა. ის მოედანზე აკაკი შულაიას ნაცვლად 62-ე წუთზე შევიდა. პირველი გოლი პროფესიონალურ კარიერაში ქობულეთის "შუქურასთან" 78-ე წუთზე გაიტანა და "დინამო თბილისმა" ეს მატჩი სწორედ ამ ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო (0:1). ქართველი ტალანტის კარიერა დინამოელთა რიგებში დიდხანს არ გაგრძელებულა, იქ მან მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ამ დროში 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელია "დინამო თბილისის" შემადგენლობაში

თბილისიდან რუსთავში საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ

ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი ნიჭი, რომ ჰქონდა ეს მას კარიერის დასაწყისიდანვე ეტყობოდა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 16 წლის ასაკში უკვე 125 000 ევრო იყო. რუსთავის გუნდმა კი კვარა 180 000 ევროდ იყიდა. "რუსთავში" კვარა 2018 წელს გადავიდა და 1 წელი ითამაშა, ამ ხნის განმავლობაში მან 18 შეხვედრა ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. სწორედ იქ ყოფნის პერიოდში მისი ფასი მკვეთრად გაიზარდა და მალევე თითქმის 400 000 ევროს გაუტოლდა. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა და საქართველოდან წასვლის დროც მალე დადგა.

ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავის" შემადგენლობაში

3 წელი რუსეთის 2 კლუბში

"რუსთავმა" ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომიტივში" იჯარით გაუშვა, იჯარაში რუსულმა გუნდმა 100 000 ევრო გადაიხადა. იქ კვარა 2019 წლის თებერვალში გადავიდა და მხოლოდ ნახევარი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა, მან ამ პერიოდში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის თავის კარიერაში პირველ საკლუბო ტიტულს "ლოკომიტივში" დაეუფლა, ეს 2018/19 წლების სეზონში რუსეთის თასი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი კიდევ ერთი რუსული კლუბიდან იყო, ამჯერად არა იჯარა, არამედ ყიდვა. "რუსთავმა" ფეხბურთელის დაბრუნება და ყაზანის "რუბინში" გაყიდვა გადაწყვიტა. იმ კონკრეტულ მომენტში, 2019 წელს, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 900 000 ევროს შეადგენდა, რუსთავულმა კლუბმა კი ის ყაზანურ გუნდში 600 000 ევროს სანაცვლოდ გაუშვა. კვარა "რუბინში" 3 წელი ასპარეზობდა, ჩაატარა 73 შეხვედრა, გაიტანა 9 გოლი და შეასრულა 18 საგოლე გადაცემა. ყაზანში კვარამ გუნდთან ერთად ვერაფერი მოიგო, მაგრამ იყო ინდივიდუალური ჯილდოები, ის 2019/20 და 2020/21 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულს დაეუფლა, ხოლო იმავე წელს 2020/21 წლებში მოიგო რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა ფლანგის შემტევის ჯილდო. 2021 წელს რუსულ კლუბში ყოფნის პერიოდში მისმა სატრანსფერო თანხამ 16 მილიონ ევროს მიაღწია, შემდეგ წელს კი მის რუსეთში ასპარეზობას წერტილი დაესვა.

ხვიჩა კვარაცხელია - მოსკოვის "ლოკომოტივში" / ყაზანის "რუბინში"

საქართველოში დაბრუნება - სხვა "დინამოში", ამჯერად ბათუმში

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინი" დატოვა და საქართველოში, კერძოდ, "დინამო ბათუმში" მცირე ხნით დაბრუნდა. ბათუმურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადა და კვარა გუნდში მხოლოდ 3 თვით ასპარეზობდა, მან ამ ხნის განმავლობაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარა ბათუმიდან ნეაპოლში 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავიდა, იტალიურმა კლუბმა, როგორც Transfermarkt-ზე ვკითხულობთ, ქართველ ფეხბურთელში 13.30 მილიონი ევრო გადაიხადა.

ხვიჩა კვარაცხელია "დინამო ბათუმში"

Grande Kvara, Kvaradona, Kvaravaggio - "ნაპოლიში" ხვიჩამ გაიბრწყინა და თავი მთელ ნეაპოლს შეაყვარა

გადავიდა და "ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში საოცრად შეაბიჯა, სამყარო აალაპარაკა, ყველა ქართველს ტელევიზორი "ნაპოლის" თამაშებზე გადაართვევინა. ქართველ ფეხბურთელს დებიუტი თავდაპირველად არაოფიციალურ, ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც "ნაპოლი" "პერუჯას" დაუპირისპირდა. კვარამ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და ეს მისთვის ახალ გუნდში სადებიუტო იყო, მატჩი 4:1 დამთავრდა.

არც ოფიციალურ შეხვედრას ჩამორჩა, 2022/23 წლების სერია A-ს სეზონი ნეაპოლურმა კლუბმა "ვერონასთან" მატჩით გახსნა. "ვერონა" დაწინაურდა, მაგრამ კვარამ თავისი სიტყვა პირველივე შეხვედრაში თქვა და თავის გუნდში ახალი სეზონის პირველი გოლი ოფიციალურ მატჩში თავად გაიტანა, ამის შემდეგ კი ისტორია დაიწერა. "ნაპოლიმ" საოცარი სეზონი ჩაატარა და მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელია იყო. მან აღნიშნულ სეზონში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც იტალიის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა, გუნდი კი ნანატრ სერია A-ს თასს დაეუფლა, რომელიც ბოლოს 1989/90 წლებში დიეგო მარადონას დროს მოიგო.

ინდივიდუალურ ჯილდოებს რაც შეეხება იტალიურ კლუბში ის არასრული 2 წელია ასპარეზობს. გასულ სეზონში მისი მონაგარი ასეთი იყო:

  • ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე.

  • სერია - A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე 3x - აგვისტო, თებერვალი, მარტი.

  • მარტის თვის საუკეთესო გოლის ავტორი.

  • სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

  • სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეულის წევრი.

  • სერია A-ში ყველაზე მეტი ასისტი.

  • საუკეთესო გოლის ავტორი იტალიის ფეხბურთელების ასოციაციის მიხედვით.

  • ოქროს ბურთის ნომინანტებში მე-17 ადგილი.

  • სერია A-ს წლის საუკეთესო გუნდის წევრი.

  • 2022/23 წლების სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი:

სულ ხვიჩა კვარაცხელიას დღემდე "ნაპოლის" მაისურით 80-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული გაიტანა 24 გოლი და გააკეთა 23 საგოლე გადაცემა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში კი ქართველ ფეხბურთელს უკვე გატანილი აქვს 10 გოლი და გაკეთებული აქვს 4 საგოლე გადაცემა. მას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს.

დღესდღეობით ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს, მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 85 მილიონი ევრო იყო.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში

ისტორიის კვალდაკვალ - კვარა სანაკრებო რეკორდთან ახლოსაა

ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო კარიერაში მყარად შეაბიჯა და ისტორიის დაწერასთანაც ახლოს ვართ. სანამ ეროვნულ ნაკრებზე გადავალთ მიმოვიხოლოთ იქამდე კვარას ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობა. პირველად ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ახალგაზრდულ 16 წლამდელთა ნაკრებში შედგა, მან ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა. შემდეგ იყო U17, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ ბევრი 20 მატჩი ჩაატარა და 15 გოლს მოუყარა თავი. 18 წლამდელებში 1 შეხვედრა ჩაატარა და იქაც 1 გოლი გაიტანა. ქართველმა ტალანტმა 19 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებებში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი. ბოლო ასაკობრივი ნაკრები კვარასთვის U21 იყო და 2 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

13 გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე

და დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის მთავარი ეტაპი, რომელსაც სანაკრებო კარიერა ჰქვია. ზოგადად ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამას ყველა აღნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში თითოეული მოთამაშისთვის დამატებითი მუხტია, ქვეყნის სახელით გამოსვლა დიდ ასპარეზზე უდაოდ ძალიან საამაყოა.

კვარას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 7 ივნისს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი გიბრალტარის ნაკრებთან | საქართველო 3:0 გიბრალტარი

აქედან კი დაიწყო ისტორიის ახალი ფურცლის დაწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 28-ჯერ მოირგო. 15 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ნაკრებმა თავისი მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში 15-ჯერ გამარჯვება იზეიმა, 6-ჯერ ფრე ითამაშა და 7-ჯერ დამარცხდა. კვარა მატჩში სათადარიგოდან მხოლოდ 3 შემთხვევაში ჩაერთო. თავდაპირველად ჩვენ რეკორდზე ვსაუბრობდით, ეს რეკორდი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას ეხება. ხვიჩა კვარაცხელიას 23 წლის ასაკში როგორც უკვე აღვნიშნეთ 15 გოლი აქვს გატანილი, მასზე წინ კი თემურ ქეცბაიაა 17 გოლით და პირველ ადგილს შოთა არველაძე იკავებს 27 გატანილი ბურთით. კვარას მხოლოდ 13 გოლი სჭირდება და რეკორდიც მისია.

ქართველი ფეხბურთელი 3-ჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად - 2020, 2022 და 2023 წლებში, ერთხელაც კი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბომბარდირი გახდა 5 გოლით.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საქართველოს ეროვნული ნაკრების და ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, ეს ასევე ყველა ფეხბურთელის თუ თითოეული ქართველის ოცნებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ თაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, ისეთი, როგორიც ევროპის პირველობაზე ასპარეზობაა. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ერთად ვიზეიმოთ ისტორიული ფაქტი. ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერ 21 მარტს ლუქსემბურგთან მატჩში, ხოლო წარმატების მიღწევის შემთხვევაში შევხვდებით საბერძნეთი/ყაზახეთის წყვილიდან გამარჯვებულს, ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

ჩვენ გვჯერა!

სხვა სტატიები