Belive

კვარა რიოსთან ინტერვიუში: "ფეხბურთი მიყვარს და სიამოვნებისთვის ვთამაშობ, მთავარია გუნდმა გაიმარჯვოს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი ინგლისელი ცენტრალური მცველი და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველი, რიო ფერდინანდი პსჟ-ს ესტუმრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოების წინ, გუნდის წარმომადგენლებთან ინტერვიუები ჩაწერა.

რიოს ერთ-ერთი სტუმარი საქართველოს ნაკრების და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც არაერთი საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.

"ვიცი, რომ კრიშტიანუ რონალდუ განსხვავებული ფეხბურთელია, მაგრამ ის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი კუმირია, მის თამაშს ყველგან ვუყურებ. მისი ხასიათი და პროფესიონალიზმი განსაკუთრებულია. რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მისი ცხოვრებისეული გზა არის ის, რის გადმოღებასაც ვცდილობ. ვსწავლობდი იმას თუ რას აკეთებს რონალდუ მოედნის მიღმა და როგორი პროფესიონალია, ეს მისი წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.

როცა მცველის პირისპირ ვთამაშობ, ვფიქრობ ამ დროს საქმეში უფრო მეტად ინსტინქტები ერთვება, ვცდილობ სწრაფად წავიწიო წინ, რადგან ფიქრისთვის ასეთ მომენტში ბევრი დრო არ გაქვს. ვცდილობ, რომ ცრუმოძრაობების გამოყენებით, სხეულით რაც შეიძლება სწრაფად გადავადგილდე. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ინსტინქტებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამავე დროს, ვაკვირდები მცველებს თუ როგორ თამაშობენ ისინი და როგორ იცავენ თავს. თუ მცველი სწრაფია, ძნელია, რომ უბრალოდ ბურთს ფეხი მიარტყა და გაიქცე, სხეული უნდა გამოიყენო, ასევე ცრუმოძრაობები, ყველაფერი მეტოქეების სათამაშო სტილზეა დამოკიდებული.

ლიგა 1-ში საკმაოდ სწრაფი მცველები არიან, რომლების პირისპირ თამაშიც მარტივი არ არის. მცველი, რომლის პირისპირ თამაშიც პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად გამიჭირდა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდია.

მე ფეხბურთი ძალიან მიყვარს, არ მომწონს, როცა ყველა სტატისტიკას ამოწმებს და დეტალებს ითვლის, რამდენი ირბინა ფეხბურთელმა, რამდენი გოლი გაიტანა და ა.შ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს და ამით ისიამოვნო. ფეხბურთი უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა და მსურს, რომ ვითამაშო და ვისიამოვნო ამ სპორტით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიტანო გოლები ან გააკეთო საგოლე პასები, მაგრამ ხშირად არის თამაშები, რომელშიც ყველაფერს აკეთებ, მაგრამ გოლი ვერ გაგაქვს. ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო და ამით ბედნიერი ვარ.

მიყვარს ფეხბურთელებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების და ვიდეოების ყურება, ვაკვირდები თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, ასევე, YouTube-ზე გაქვს საშუალება, რომ დააკვირდე მოთამაშეებს, რომლებსაც ბურთთან ურთიერთობის კარგი ტექნიკა აქვთ. ერთი თვის წინ, რონალდინიოს უნარ-ჩვევებზე დაკვირვებამ გამიტაცა. ის გასაოცარი ფეხბურთელია. მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა. ვცდილობ, რომ ნანახი მოედანზე გადმოვიტანო და ვივარჯიშო, ასევე ეს ინფორმაცია წარმოსახვაში გენახება. თამაშის დროს არის მომენტები, როცა შეგიძლია ნანახის გამეორება სცადო. ხანდახან ასე ვიქცევი.

ვფიქრობ, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ შეგვიძლია კარგად შევუტიოთ, მაგრამ ის ითხოვს, რომ იგივე დონეზე დავიცვათ თავი და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ფეხბურთში შემტევები ძალიან კარგები არიან და მთელი გუნდი ვალდებულია, რომ შეტევაშიც და დაცვაშიც იმუშაოს. ანტონიო კონტესთან ნაპოლიში მუშაობის დროს გავაანალიზე, რომ დაცვითი მუშაობის თვალსაზრისით უნდა მომემატებინა და ის მე ძალიან დამეხმარა. ფიზიკურად და დაცვითი მუშაობის თვალსაზრისით გავუმჯობესდი. შემიძლია ვთქვა, რომ დაცვაში ძალიან კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა ვცდილობ, რომ ეს კომპონენტი გავაუმჯობესო. ჩემმა თავმა ნამდვილად გამაკვირვა. აქამდე იმ ფეხბურთელების კატეგორიას არ მივეკუთვნებოდი, რომელიც თავს კარგად იცავდა, მაგრამ ახლა ამ უნარების გაუმჯობესებას ვცდილობ და ვფიქრობ, გამომდის.

მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა, რადგან შეიძლება გსურდეს, რომ დაცვას დაეხმარო, მაგრამ სწორი ფიზმომზადების გარეშე ამისთვის საჭირო ენერგიას ვერ იპოვნი.

პსჟ-ში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ და ვცდილობ, ყველაფერი გავიღო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დაეხმარო მცველებს, რადგან დღესდღეობით გარემარბები ერთი-ერთზე ძალიან ძლიერები არიან. ასევე, როცა მე ბურთით ვარ და მეტოქის პირისპირ მივრბივარ, თანაგუნდელის დახმარებას ვგრძნობ და ვხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მე და ნუნო მენდეში ხშირად ვსაუბრობთ და ის მეუბნება, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, თუ როგორ დავეხმარო მას.

პსჟ-ში მოსვლამდე გუნდის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ჩემს ახალ თანაგუნდელებს, მათ თამაშის სტილს ვიცნობდი. ახლა უკვე მათი უნარები უკეთ ვიცი. შეტევაში ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც უბრალოდ ბურთს მისცემ და ისინი გოლს გაიტანენ, ასევე, ისინი ძალიან სწრაფები არიან. ვიცი, რომ თუ მარცხენა ფლანგზე ბარკოლა მყავს, მივცემ მას ბურთს თავისუფალ სივრცეში და ის გოლს გაიტანს. მენდეშთან ერთად ის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.

ვფიქრობ, უსმან დემებელე გასაოცარი ფეხბურთელია. ბურთთან ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს, მისი გადაადგილება, სისწრაფე გასაოცარია. გასაოცარ ფეხბურთელთან ერთად, ის ძალიან კარგი ადამიანია. მედიასა და სოციალურ ქსელებში ადამიანები რასაც საუბრობენ, ეს მართალი არ არის. მათ არ იციან, რა ხდება გუნდის შიგნით და როგორი ადამიანია დემბელე. ყველაზე მხიარული ადამიანია, რომელიც ფეხბურთში მინახავს. ყოველთვის ხუმრობს, მოედანზე მუდამ გეხმარება და ვფიქრობ, ის გასაოცარი ადამიანი და ფეხბურთელია, რაც წელს ყველამ დაინახა.

დეზირე დუე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. სწრაფი, ტექნიკური და გასაოცარი ფეხბურთელი. იღბლიანები ვართ, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მინახავს ძალიან ნიჭიერი 18 და 19 წლის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან პროფესიონალები. ეს ბიჭი გასაოცრად პროფესიონალია, ყველაფერს აკეთებს, კონცენტრირებულია, ბევრს შრომობს, განსაკუთრებული ფეხბურთელია.

გუნდში ვიცით, რომ არსებობს კონკურენცია და თამაში ყველას სურს, მაგრამ ვფიქრობ, ერთმანეთს ვეხმარებით. არ ვფიქრობთ და არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ თამაშობს და ვინ არა. ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და მთავარია, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

პსჟ-ს ჩემი დამატება ზაფხულშიც სურდა, მაგრამ გარკვეული საკითხების გამო, ნაპოლიში დავრჩი. მწვრთნელს ჩემი დამატება სურდა, შარშან ვისაუბრეთ და აქ გადმოსვლა ძალიან მინდოდა. აქ მოსვლისას ვიცოდი და მწვრთნელმაც მითხრა, რომ დასაწყისი მარტივი არ იქნებოდა. მან ამიხსნა, რომ ძალიან კარგი შეტევა გვყავს, მაგრამ სურს, რომ მათ თავიც ასევე კარგად დაიცვან. ამიტომაც გავაანალიზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაცვაში მუშაობა. ვფიქრობ, გავიაზრე, რომ აუცილებელია კარგი ფიზმომზადება და მცველისთვის დახმარება", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

24 წლის ქართველმა ვარსკვლავმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე იზეიმა და კიდევ 3 ტიტულის მოგების შანსი აქვს: ქვეყნის თასის და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვარას გუნდი უკვე გასულია, ხოლო ნაპოლი იტალიის ჩემპიონობამდე ერთ მატჩშია.

სხვა სტატიები