Belive

"კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ხელფასის გაზრდაა საჭირო" - იტალიაში კვარაცხელიასა და ნაპოლიზე საუბრობენ

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს.

კონკრეტულად, ნეაპოლური Il Mattino ახალი კონტრაქტის შესაძლო გაფორმების თაობაზე წერს, რომ საამისოდ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს სულ მცირე 4.5 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ანაზღაურების მიღება სჭირდება, ამჟამად კი მისი შემოსავალი 1.5 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

მთელი 2022/23 წლების სეზონის განმავლობაში, რომელიც ქართველი ვარსკვლავისთვის ტრიუმფალური და ფენომენალური გამოვიდა, მისი დამატების სურვილის მქონე არაერთი გუნდის სახელმა გაიჟღერა, უახლოეს წარსულში კი ლონდონის "არსენალის" ინტერესების შესახებ გაირკვა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

"ნაპოლი" შემდეგ ამხანაგურ მატჩს კვიპროსული "აპოლონის" წინააღმდეგ 11 აგვისტოს გამართავს. რაც შეეხება სერია A-ს, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ნეაპოლელები 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" სტუმრად დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები