გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევრო გახდა
პოპულარული გერმანული სატრანსფერო და სტატისტიკური პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემებით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება გაიზარდა.
აღნიშნული პორტალის შეფასებით, გიორგი მიქაუტაძე, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც აქამდე 9 მილიონი ევრო გახლდათ, ახლა უკვე 15 მილიონად არის შეფასებული.
კარიერის განმავლობაში ეს გიორგი მიქაუტაძისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ და ის მესამე ქართველი მოქმედი ფეხბურთელია, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც სულ მცირე 10 მილიონი ევრო გახლავთ.
2023/24 წლების გათამაშებაში, გიორგი მიქაუტაძეს "მეცში" დაბრუნების შემდეგ მშვენიერი პერიოდი გამოუვიდა. მართალია, "მეცი" "სენტ-ეტიენთან" პლეი-ოფის ორმატჩიან ფინალში წაგების შემდეგ ლიგა 2-ში დაქვეითდა, მაგრამ თავად ქართველმა ფეხბურთელმა 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა და ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. ქართველ ფეხბურთელებს შორის, ევროპის ტოპ ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, გიორგი მიქაუტაძემ რეკორდი დაამყარა.