ხვიჩა კვარაცხელია: "მჯერა, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში "მილანთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა შემტევმა "სან სიროზე" სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, გუნდს დაცვაში დაეხარა და "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ნეაპოლელები სერია A-ში 11 მატჩის ჩატარების შემდეგ ლიდერობენ და სკუდეტოს მოგებისკენ 10 წაუგებელი შეხვედრის ფონზე მიიწევენ. 23 წლის ქართველმა ვარსკვლავმა "მილანთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ამ მომენტს და "სან სიროზე" სადებიუტო გოლის გატანას დიდი ხანია ველი. ამისთვის ბევრი ვიმუშავე. ბედნიერი ვარ, არამხოლოდ საკუთარი შედეგის, არამედ გუნდის გამო.
ცხადია, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ იტალიის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. საამისოდ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ახლა კარგ ფორმაში ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ და მჯერა, რომ ამას შევძლებთ.
რომელუ ლუკაკუსთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ის ძალიან თავმდაბალია.
ნეაპოლი? ეს არის ქალაქი, რომელიც ვნებით ცხოვრობს", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
"ნაპოლის" შემდეგი მატჩი "ატალანტასთან" 3 ნოემბერს, საშინაო კედლებში ელოდება.