Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "მიხარია, რომ ოქროს ბურთზე ამ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის საწყისი ტურში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასამართი შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია კომენტარს აკეთებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ სეზონს. ჩვენი მიზანი ამ ჯგუფის მოგება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მეტოქეები შეგვხვდა, ბიჭებს გააზრებული გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას და შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და მაღალი პოზიცია დავიკავოთ.

4 მატჩის 10 დღის განმავლობაში ჩატარება არცერთი გუნდისთვის არ იქნება მარტივი. აღდგენისათვის საკმაო დრო არ იქნება, მაგრამ მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, ერთა ლიგაზე მსგავსი მოცემულობა გვქონდა (10 დღეში 4 მატჩი, 2022 წლის ივნისი), მაგრამ ის პერიოდი წარმატებულად ჩავატარეთ. ჩვენი ფეხბურთელების ხარისხი და მზადების დონე მაღალია. არ ვფიქრობ, რომ პსჟ-ში სათამაშო დროის გამო მოტივაცია მაკლია, პირიქით, ახლა უფრო მოტივირებული ვარ და ამ 4 მატჩში ყველაფერს პასუხი გაეცემა.

შრომის დაფასებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვხვდები, რომ უფრო მეტად უნდა გავაგრძელო შრომა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საკუთარ ქვეყანაში ასე გაფასებენ.

თავიდანვე ვიცოდით, რომ გულშემატკივრის გარეშე მოგვიწევდა თამაში, მაგრამ ბავშვები გვიგულშემატკივრებდნენ, ყველაზე მეტად სწორედ მათგან ვგრძნობთ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან.

ჩემი ძმის პროგრესით ძალიან გახარებული ვარ. იმედია, ჩემზე ბევრად წარმატებული კარიერა ექნება, ნიჭიერი ბავშვია, რომელსაც უყვარს შრომა, კითხვების დასმა, სწავლა და განვითარება. მისი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება ძალიან მიხარია.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ოქროს ბურთის გამოკითხვაში ვარ ნომინირებული. ჩემთვის ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან ყოფნა უკვე დიდი პატივია. მიხარია, რომ ქართველი ვარ და იმ გზის გამოვლის შემდეგ, რომელიც გამოვიარე, ოქროს ბურთზე ამ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ. ვგრძნობ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, დანარჩენს ერთად ვნახავთ. მიხარია, რომ ჯორჯ ბესტის დონის ფეხბურთელს მამსგავსებენ.

გიორგი კვერნაძე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და 40 წუთის წინ მივეცი ხმა მას იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში. კვერნას ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდეს", - ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები