Belive

კატეგორიული უარი პსჟ-ს - კვარა კონტესთვის უმნიშვნელოვანესია

6 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ელიტარული ჩემპიონატების წარმომადგენელი გრანდების ინტერესთა სფეროშია, მისი დამატების ყველაზე რეალურ მსურველად კი გასული პერიოდის განმავლობაში "პსჟ" სახელდება.

იტალიური მედია საშუალებები, მათ შორის La gazzeta dello sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელები 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ. სხვა გარემოებებისა და თავად მენეჯერების ინტერესის გარდა, ამის მთავარი მიზეზი გუნდის პოტენციურად ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სურვილია.

გამოცდილი და ტიტულოვანი იტალიელი სპეციალისტი, უახლოეს დღეებში, უდიდესი ალბათობით "ნაპოლის" ჩაიბარებს, მისი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი კი იმის გარანტირებულად ცოდნაა, რომ ახალ გუნდს ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ააწყობს. შესაბამისად, იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ამ ზაფხულში არ შედგება და ის "ნაპოლისთვის" ხელშეუხებელია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "ნაპოლი" "პსჟ-ს" კატეგორიულ უარს უცხადებს.

იტალიურ მედია საშუალებებში იმასაც ამბობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" განახლებულ კონტრაქტს და ყოველწლიური ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს. მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება და ყველაფერი უახლოეს თვეებში გაირკვევა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ მან 8 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები