Belive

ივა გელაშვილი: "ნაკრებში გამოძახება ოცნების ახდენაა, აქ თამაში კი პრივილეგია"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "სპეციას" ცენტრალურმა მცველმა, ივა გელაშვილმა იტალიურ მედია საშუალება sport.quotidiano-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი როგორც გუნდს, ისე სანაკრებო სიახლეებს შეეხო და იტალიაში ადაპტირებასაც გაუსვა ხაზი.

"თავი მაღლა უნდა ავწიოთ, მართალია, ბევრი მატჩი აღარ არის დარჩენილი, მაგრამ შანსი გვაქვს და ჩვენი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ჩვენ ვგრძნობთ ამ მატჩების მნიშვნელობას და ძალიან მკაფიოდ გვაქვს გააზრებული თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავბრუნდეთ. ჩვენთვის ყველა მატჩი ფუნდამენტურია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სეზონი შემობრუნდეს. მთელი ძალით, მოედანზე და მოედნის მიღმა შიშის გარეშე, ჩვენი ღირებულების დამტკიცებით, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი გვქონდეს.

ყველაფერი შესაძლებელია. ჩემპიონატის ფინიშამდე დრო კიდევ არის და მჯერა, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად ყველა თვისება გვაქვს.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემს თანაგუნდელებთან იტალიურად ვისაუბრო, განსაკუთრებით მოედანზე, რადგან გუნდში კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იტალიურ ენაზე ის სიტყვები შევისწავლე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოედანზე თანაგუნდელებთან კომუნიკაცია შევძლო. მოედნის მიღმა ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ვცდილობ იტალიური და ინგლისური ენების ბალანსი შევქმნა და კომუნიკაცია ასე დავამყარო. ასევე ვუმჯობესდები, რადგან მყავს იტალიურის მასწავლებელი.

რაც შეეხება თანაგუნდელებს, ყველასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც გუნდის წარმატებისთვის ფუნდამენტურია.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახება არის ოცნება, რომელიც ამიხდა. საქართველოს ნაკრები იზრდება, მის შემადგენლობაში ყოფნა დიდი პრივილეგიაა.

ვფიქრობ, რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ დიდი პროგრესი მაქვს, მაგრამ არასდროს ვარ კმაყოფილი, მინდა ყოველდღიურად გავუმჯობესდე. მინდა ნდობა, რომელიც "სპეციამ" გამომიცხადა, გავამართლო და გადავიხადო. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს საზღვრებს გავცდე, რადგან მინდა ჩემი წვლილი შევიტანო "არწივების" წარმატებაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გადმოსვლის წინ წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ სერია A-ში მელის.

ძალიან მომწონს ქალაქი და გულშემატკივარი. მინდა, რომ ქომაგებს სეზონის საწყის თვეებში არასტაბილური შედეგების გამო ბოდიში მოვუხადო, რადგან ვიცი, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ატარებს მათთვის წარმატებაც და შედეგის არ ქონაც. მესმის, რომ ჯერ ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რომელიც ჩვენც და მათაც სურთ, მაგრამ ვიცი და მჯერა, რომ სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი იქნება და მადლობა მათ ერთგულებისათვის", - თქვა ივა გელაშვილმა.

სერია B-სა და იტალიის თასზე ივა გელაშვილს 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 გოლი გატანილი.

სხვა სტატიები