Belive

ირაკლი აზაროვი: "კვარა ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია, გოჩოლეიშვილი კი ძმასავით მყავს"

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველმა, ირაკლი აზაროვმა გუნდის ოფიციალურ YouTube არხთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა სადაც არაერთი საკითხის შესახებ ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელმა საკუთარი საფეხბურთო უნარების, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი გოჩოლეიშვილის, უკრაინაში ცხოვრების პერიპეტიებისა და "შახტარში" გადასვლის გადაწყვეტილებასთან ერთად, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

"იყო გუნდები, რომლებსაც ჩემი მიწვევა სურდათ. იყო შემოთავაზებები ბელგიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან - ეს ზუსტად ვიცი. და იყო შემოთავაზება "შახტარიდან". 

როდესაც ჩემმა მშობლებმა გაიგეს, რომ "შახტარში" წასვლა მინდოდა, ცოტათი შოკში იყვნენ, რადგან არ ეგონათ, რომ დავთანხმდებოდი. მაგრამ, დიდხანს ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია ჩემი კარიერისთვის, რადგან "შახტარი" ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე თამაშობს, ხოლო ჩემნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის ეს შესანიშნავი გუნდია.

დიახ, ხვიჩას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ - 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ. ჩემთვის შოკი იყო, როცა ის "ნაპოლიში" გადავიდა და მაშინვე დაიწყო უმაღლესი დონის ფეხბურთის დემონსტრირება. მე ყოველთვის მხარს დავუჭერ და მისი პირველი გულშემატკივარი ვიქნები. მიმაჩნია, რომ მისი წარმატება ნიჭისა და ძალიან ჯიუტი ხასიათის დამსახურებაა. ვფიქრობ, ამის წყალობით ის წინ არის. ბევრ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონდა გარკვეული ხასიათი, რის გამოც კარიერა დაინგრიეს - ხვიჩა შინაგანად ისეა მოწყობილი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს.

როცა ხედავ, რომ შენი მეგობარი უკვე ასეთ დონეზეა თავისი ხასიათისა და პროფესიონალიზმის წყალობით, როცა ამას ხედავ და იცი, რას აკეთებს - მაშინ, რა თქმა უნდა, ცდილობ მის მაგალითს მიბაძო და იგივენაირად მოიქცე.

ტექნიკა და დრიბლინგი ჩემი ძლიერი თვისებებია, ფიზიკური მომზადება კი უნდა გავაუმჯობესო, რადგანაც პატარა და გამხდარი ვარ.

ვფიქრობ უკრაინაშიც და საქართველოშიც ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს, ისინი ყოველთვის კეთილგანწყობილები არიან.

ერთადერთი, რაც უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა, არის ის, რომ ყოველთვის სასტუმროში ვარ და სასეირნოდ და ა.შ. არ გვცალია. დატვირთული გრაფიკი გვაქვს. უკრაინიდან ჩემპიონთა ლიგისთვის მივემგზავრებით, შემდეგ ისევ შიდა ჩემპიონატის სათამაშოდ ვბრუნდებით. საქართველოში მეგობრებთან ერთად ვახშმის ან ფილმის საყურებლად წასვლის დრო მქონდა, მაგრამ აქ ასე არ არის.

ზოგადად, ქართული და უკრაინული სამზარეულო ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ეს მომწონს. ძალიან გამიხარდა, როცა აქ ქართული სამზარეულოს ბევრი კერძი აღმოვაჩინე.

გიორგი გოჩოლეიშვილს ძალიან გაუხარდა, როცა გუნდს მეორე ქართველი შეუერთდა, რადგან მას აქ კომუნიკაციის პრობლემები შეექმნა, ჩემთვის კი "შახტარში" გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იყო, რადგან გიო აქ იყო. ორივე ბედნიერი ვართ, რომ ახლა ერთად ვთამაშობთ.

გიო შესანიშნავი ადამიანია, შესანიშნავი ფეხბურთელი, პროფესიონალი. ვფიქრობ, თუ ასეთ დონეზე თამაშს გააგრძელებს, გიო ერთ-ერთი საუკეთესო და ძლიერი მარჯვენა მცველი იქნება, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ის ჩემთვის ყოველთვის კარგი ადამიანი იყო და კარიერა და მიღწევები ამაზე მეტყველებს.

ზოგადად, გიო ჩემთვის ძმასავითაა, რადგან არც ძმები მყავს და არც დები. ახლა კი ყოველთვის ერთად ვართ, ვამხნევებთ ერთმანეთს, ვეუბნებით როგორ და რა ვქნათ. მართლა ყველგან ერთად ვართ.

არა, ჩვენს შორის კონკურენცია არ არსებობს. ის მარჯვენა მცველად თამაშობს, მე მარცხენა ფლანგზე. დიახ, რა თქმა უნდა, ორივე მცველები ვართ, ამიტომ შეგვიძლია ერთმანეთს რჩევა მივცეთ.

ჩვენ ყოველთვის ვურთიერთობთ, ვფიქრობთ როგორ გავაუმჯობესოთ ერთმანეთი, რა გადაწყვეტილებების მიღებაა უკეთესი მატჩებში. ამაზე ბევრი საუბარი გვაქვს, ჩვენს შორის კი კონკურენცია არ არის", - თქვა ირაკლი აზაროვმა. - თქვა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა.

21 წლის ფეხბურთელი "შახტარში" 2023 წლის ზაფხულში, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდადან" გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა (მათ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან").

სხვა სტატიები