Belive

gqmagazine: "პარიზში იციან, რომ 2 ჩემპიონთა ლიგა კვარას დამსახურებაა"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია gqmagazine-მა წლის მამაკაცად დაასახელა. გამოცემა 25 წლის ქართველი ვარსკვლავის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

"ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული, პსჟ-ს შეტევი, ხვიჩა კვარაცხელია მთელ სეზონს ატარებდა იმაში, რომ ატყუებდა ყველას, ვინც მის შეკავებას ცდილობდა. რამდენიმე კვირის წინ კი ის ტრავმამ შეაჩერა. მძიმე ტრავმაა, მაგრამ ის სხვებსაც გამოუცდიათ.

შეხვედრა ვირტუოზთან, რომელიც უფრო გუნდურია, ვიდრე სოლისტი. ფეხბურთში ზოგჯერ უსასრულო სისასტიკის ტრაგედიები თამაშდება. ისეთი, როგორიც იყო 20 ოქტომბერს, პარი სენ-ჟერმენსა და ბარსელონას შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩი. 58-ე წუთზე, როცა ესპანელები წონასწორობას აღადგენენ და მატჩი დაძაბულობას იმატებს, ძლიერი ორთაბრძოლა დრამაში გადაიზრდება. პსჟ-ს ქართველი მარცხენა შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, ბარსელონელ მცველს ეჯახება. ინერციით წაღებული მისი მუხლი თავისთავად ბრუნდება. მოთამაშე ტკივილისგან ყვირის. პარკ დე პრენსზე 40 000-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად აჩერებს სუნთქვას. ოღონდ ის არ იყოს, რაზეც ვფიქრობთ. მეორე დღეს დიაგნოზიც ისმება: ჯვარედინი იოგების გაწყვეტა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა. მინიმუმ ექვსი თვე მოედანს მიღმა.

სიტუაციის სერიოზულობის გასაგებად საკმარისია გადავავლოთ თვალი იმ მომენტშივე გავრცელებულ მრავალ გამოხმაურებას. პსჟ Instagram-ზე აქვეყნებს მოთამაშის ფოტოს, თანდართული წარწერით: შენთან ერთად ვართ, კვარა. თითქმის სამძიმრის ნოტია. თავის მხრივ, ფეხბურთელი სოციალურ ქსელებში ემოციებით დატვირთულ გრძელ შეტყობინებას აქვეყნებს: "ყოველ მატჩამდე ღმერთს ვთხოვდი, მოედნიდან ჯანმრთელი და უვნებელი გამოვეშვი. ამჯერად ეს არ არის საკმარისი. ტრავმიდან ცოტა დრო გასულია, მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს: რატომ მაინცდამაინც მე?"

თუ ახალი ამბავი ასეთ სეისმურ ძვრებს იწვევს, ეს იმიტომ ხდება, რომ თითქმის ორი წელია, ქართველის წყალობით ყველაფერი შესაძლებელი ჩანს. ის, ვინც ევროპელმა სკაუტებმა დიდი ხნის განმავლობაში მეორე ხარისხოვან მოთამაშედ მიიჩნიეს, რომელიც რუსულ ჩემპიონატში უნდა ჩაფლულიყო, პარიზული გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა, რომელსაც ყველაზე გადამწყვეტი მატჩების ბედის შემოტრიალება შეუძლია.

პარიზში ყველამ იცის, რომ გასული წლების განმავლობაში მოპოვებული ორი ჩემპიონთა ლიგა დიდწილად კვარაცხელიას დამსახურებაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. შესაძლებელია კი საავადმყოფოს საწოლიდან გმირად დარჩენა? ძნელია თქმა, მაგრამ კვარას სხვა დაბრკოლებებიც უნახავს. როგორც ის პარიზელ ფიზიოთერაპევტებს თავის ჯერ კიდევ ნაკლოვანი ფრანგულით ეუბნება: "ქართველები მყარები არიან", - წერს gqmagazine.

პსჟ-ს შემადგენლობაში 2026 წელს გამართულ 32 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მან ზედიზედ მეორედ უეფას ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

სხვა სტატიები