Belive

"საქართველოს მაგარი ბიჭები ჰყავს, სიურპრიზებს უნდა ველოდოთ" - გურიას ვეტერანი უკრაინელი

13 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კიევის დინამოს ლეგენდარული თაობისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, ვიქტორ ხლუსი საქართველოსა და უკარინის ნაკრებების მატჩის წინ მათი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ვეტერან ფეხბურთელს საქართველოში, ლანჩხუთის გურიას რიგებშიც აქვს ნათამაშები.

"თუ უკრაინელები ისე ითამაშებენ, როგორც ჩრდილოეთ ირლანდიასთან, გამარჯვების შანსი 50-50-ზეა. თუმცა, ძალიან მჯერა, რომ ბელფასტში განცდილი მარცხის მერე სათანადო დასკვნები გამოიტანეს. ცხადია, უკრაინელები ქართველებზე ძლიერები არიან, მაგრამ...

გუნდში მკვეთრი ლიდერი არ არის. ისეთი ფეხბურთელი არ გვყავს, რომელსაც სხვები აჰყვებიან და ლოკომოტივივით გაიყოლიებს. ინგლისს ჰარი კეინი ჰყავს, ნორვეგიას ჰოლანდი, საფრანგეთს მბაპე, ჩვენ კი ლიდერი არ გვაქვს. ეს უთუოდ პრობლემაა. საქმე მხოლოდ დიდ სახელს არ ეხება, საუბარია ძლიერ, მენტალურ ლიდერზე.

ვალერი ლობანოვსკის გუნდებს სულ ჰყავდათ ლიდერები. გაიხსენეთ ბლოხინი, ბესონოვი, შევჩენკო, რებროვი... ხალხი არ გვაკლდა. ვალერი ვასილის ძემ ისინი ყველგან იპოვა. ახლა კი როგორ დასუსტდნენ...

მალდერას ფეხბურთელთა კარგი არჩევანი აქვს, განსხვავებით ო'ნილისგან, რომელსაც ინგლისის დაბალი ლიგებიდან უწევს ხალხის შეგროვება. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ ირლანდია შედეგს აჩვენებს: მათ თავისი თამაშის სტილი აქვთ, ჩვენ კი არა.

თითქოს ნათელია, ვინ უნდა გაანეტრალო, მაგრამ როცა მოედანზე ხვიჩა არ არის, სიურპრიზის შემოთავაზება ნებისმიერს შეუძლია. საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი ევროპული კლუბებიდან არის და ისინი მაგარი ბიჭები არიან. ჰყავთ როგორც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, ისე შემცვლელებიც.

დაე, ქართველებმა თავისი თამაში ითამაშონ და ჩვენც სიურპრიზებს ველოდოთ. თუმცა, თუ მათ გავთიშავთ, ყველაფერი კარგად იქნება. B ლიგაში დასარჩენად ფრეც გვეყოფა, ასე რომ... ვფიქრობ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდება", - ამბობს ვიქტორ ხლუსი.

ნაკრებებისთვის მატჩს სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს: ჩვენი გუნდი მესამე ადგილზე გასვლას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს, ყველა სხვა შედეგი კი ხელს მეტოქეს აძლევს. მესამე ადგილი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის პირდაპირ შენარჩუნებას ნიშნავს, მეოთხე პოზიციაზე გასვლა კი C ლიგის მეორეადგილოსანთან პლეიოფის გარანტიაა. ამავე დროს, თუ საქართველოს ნაკრები პლეიოფში თამაშს თავს აარიდებს, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდება, სხვა შემთხვევაში კი 4-გუნდიანში და გამოსვლას შემოდგომაზე დაიწყებს.

უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში საქართველო უკრაინას 17 ნოემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები