Belive

"გოგა ბითაძე შესაძლოა ლეიკერსში ვიხილოთ, გაცვლის ბოლო დღე 6 თებერვალია" - Sportskeeda

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ბოლო დროს მნიშვნელოვანი ტრეიდი განახორციელა, "დალას მავერიქსიდან" მათ გუნდში მოიყვანეს ლუკა დონჩიჩი, მაქსი კლებერი და მარკიფ მორისი. საბოლოო გაცვლის დღე 6 თებერვალია, მანამდე კი ლოს ანჯელესურ გუნდს კიდევ ერთი კალათბურთელის დამატება სურს, რადგან დამატების მიუხედავად მაქსი კლებერს ტრავმა აქვს და ჯერჯერობით მისი დაბრუნება გამორიცხულია, პირველადი ინფორმაციით გერმანელი დაახლოებით 2 თვეს იუქმებს. ამის გამო მათ ერთი მოთამაშე სჭირდებათ, რომელიც ცენტრზე ითამაშებს, სპორტული გამოცემა Sportskeeda კი "ლეიკერსს" გოგა ბითაძეს ურჩევს.

გოგა ბითაძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველი ცენტრი თამაშში საშუალოდ 9.2 ქულას, 8.3 მოხსნას, 2.4 შედეგიან გადაცემას და 1.6 დაფარებას აგროვებს. მაქსი კლებერის ტრავმის გამო, "ლეიკერსს" შეუძლია მისი გაცვლა, თუ კი "ორლანდო" ბითაძეს პლუს 2031 წლის პირველი რაუნდის პიკს მისცემს.

მაქსი კლებერის გარდა"ლოს ანჯელეს ლეიკერსს" გუნდში ჰყავს ორი ცენტრი, ჯექსონ ჰეიესი და კრისტიან კოლოკო, ასევე ლებრონ ჯეიმსს, რუი ჰაჩიმურას და დორიან ფინი-სმიტს შეუძლიათ ცენტრის პოზიციაზე თამაში, მაგრამ გოგა ბითაძე მათთვის შესანიშნავი დამატება იქნება და მისი სახით სოლიდური ცენტრი ეყოლებათ, რადგან დაცვაში მას ჰეიესზე უკეთ თამაში შეუძლია. - Sportskeeda

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და სხვა მოთამაშეების დამატებაზე გუნდის გენერალურმა მენეჯერმა, რობ პელინკამ CBS Sports-თან საუბრისას ჯერ კიდევ გამოთქვა იმედი, რომ ვინმე შესაძლოა კვლავ დაიმატონ:

ბევრი რამ ჯერჯერობით უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა ჩვენ რაღაცის გაკეთება მოვახერხოთ, მაგრამ უფრო რეალისტური იქნება ამის გაკეთება არასეზონის დროს. - რობ პელინკა - "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გენერალური მენეჯერი

შეგახსენებთ, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" და "დალას მავერიქსს" შორის დიდი გაცვლა განხორციელდა რის შემდეგაც: ლოს ანჯელესურ გუნდში ლუკა დონჩიჩი, მაქსი კლებერი და მარკიფ მორისი გადავიდნენ. დალასში კი ენტონი დევისი, მაქს კრისტი და 2029 წლის პირველი რაუნდის არჩევანი.

სხვა სტატიები