GOAL: "ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი: საქართველოს ნაკრების ყურება"
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, ბრიტანულმა მედია საშუალება GOAL-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი შეაჯამა და მონაწილე ნაკრებები გამარჯვებულებად და დამარცხებულებად დაჰყო.
გამარჯვებულთა რიგებში GOAL-მა საქართველოს ნაკრებიც შეიყვანა და ჩვენი გუნდი შემდეგნაირად დაახასიათა:
"საქართველოს ნაკრებისგან, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლას არავინ ელოდა. მეტიც, არსებობდა ეჭვი, რომ ტურნირის დებიუტანტები ერთი ქულის მოპოვებასაც კი ვერ მოახერხებდნენ.
თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან კარგი გამოსვლის შემდეგ, ქართველებმა მთელი მსოფლიო გააოგნეს, როცა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალიასთან გაიმარჯვეს (2:0).
ამის შემდეგ, მათ მერვედფინალის საგზური მოიპოვეს და გამბედაობა და ენერგია ეყოთ მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან ლიდერობა ხელში აეღოთ. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი ყველაზე ძლიერ მეტოქეს შეხვდა და (1:4) წააგო, მაგრამ ტურნირი თავაწეულმა დატოვა. გიორგი მამარდაშვილი ჩინებული იყო კარში, გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდა ოქროს ბუცის ყველაზე ნაკლებად სავარაუდო პრეტენდენტიდან ჯილდოს მომგები, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა, თუ რატომ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გარემარბად.
ევრო 2024-ის დაწყებამდე საქართველო ყველაზე სუსტ გუნდს ჰგავდა. როგორც გაირკვა, მათი გამოსვლის ყურება რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გახლდათ", - წერს GOAL.
ტურნირის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისთან (2:1) გაიმარჯვა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას კი გიორგი მიქუტაძე და კიდევ 5 ფეხბურთელი გაინაწილებენ.