Belive

The Athletic: "მამარდაშვილი კელეჰერს შეცვლის, ალისონი დარჩენას გეგმავს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ანალიტიკური პლატფორმა The Atheltic საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს. "ვალენსიაში" იჯარით მოთამაშე კარის დარაჯი ზაფხულში "ლივერპულში" უნდა გადაბარგდეს, ხოლო თუ რა როლში იქნება 24 წლის ქართველი ახალ გუნდში, ამასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება.

The Athletic-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულში" კაოიმინ კელეჰერს შეცვლის, ალისონი კი გუნდში დარჩება და ქართველი და ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობის ადგილისთვის იბრძოლებენ.

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ზაფხულში, იჯარის წესით დარჩა და გუნდს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ეხმარება. "ვალენსიას" პრობლემების მთავარი მიზეზი მეკარის სათამაშო ფორმა ნამდვილად არ გახლავთ, პირიქით, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს გუნდის გასული პერიოდის აღმავლობაში: რვამატჩიანი წაუგებელი სერია და გასულ 7 მატჩში გაშვებული მხოლოდ 5 გოლი.

ამავე დროს, "ალისონი" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია "ლივერპულის" მიერ პრემიერ ლიგის მოგებაში და გუნდის შეცვლას არ აპირებს. არსებობს შანსი, რომ მან კონტრაქტით გათვალისწინებული გახანგრძლივების შესაძლებლობა გამოიყენოს და გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩეს.

კაოიმინ კელეჰერის "ლივერპულიდან" სხვა გუნდში გადასვლა მოსალოდნელია, გიორგი მამარდაშვილი კი სწორედ ირლანდიელ მეკარეს ჩაანაცვლებს", - წერს The Athletic.

გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" შემადგენლობაში ამ სეზონში, ლა ლიგაში 29 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 7-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა, 78 მოგერიებით კი ის ესპანეთის ჩემპიონატის ამ სეზონში ნათამაშებ 42 მეკარეს შორის მეცხრე ადგილზეა.

სხვა სტატიები