Belive

Gazzetta dello Sport: "დე ლაურენტისი პირობებს დათანხმდა - კვარა და ნაპოლი კონტრაქტს გაახანგრძლივებენ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური მედია საშუალება, Gazzetta dello Sport-ი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ საუბრობს და წერს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ახლა კი კონტრაქტის განახლების დეტალებს ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დათანხმდა და ყველაფერი მალე ოფიციალურ ხასიათს მიიღებს.

"ის დამანგრეველი გავლენა, რომელიც კვარაცხელიას იტალიის სერია A-ზე ჰქონდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ფინანსურზე მეტად ეს სტატუსისა და ღირსების საკითხი გახდა. შესაბამისად, პრეზიდენტს ხელფასის 2.5 მილიონ ევრომდე გაზრდასთან დაკავშირებით ბევრი არ უფიქრია და კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას დათანხმდა.

ზეპირი შეთანხმება ჩემპიონატის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში იქნა მიღწეული, ხოლო ივლისში, დიმაროში გამართული წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის დროს, ყველაფერს თავიდან გადახედეს. რაც შეეხება ოფიციალურ და წერილობით მხარეს, ის მალე, დაუჩქარებლად გაფორმდება. ყველაფერს ხელი იმანაც შეუწყო, რომ თავად ფეხბურთელს "ნაპოლის" დატოვების სურვილი არასდროს გამოუთქვამს", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში. 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონები 2023/24 წლების სერია A-ს სეზონს, 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" სტუმრად გასამართი მატჩით გახსნიან.

სხვა სტატიები