Belive

ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებიდან: ოთარ კიტეიშვილს ინგლისის ჩემპიონატს უკავშირებენ

1 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ გუნდებს აქტიურად უკავშირებენ.

2024/25 წლების სეზონის შემდეგ, ზედიზედ ორგზის ჩემპიონი გრაცის შტურმის რამდენიმე ლიდერს ახალ გუნდებს უკავშირებენ. ავსტრიული მედია აქტიურად საუბრობს, რომ იმ ფეხბურთელების სიაში, რომელიც გუნდს შეიცვლის, ქართველი კაპიტანიც იქნება. 29 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში დაწინაურებულ სამეულს, ბარნლის, სანდერლენდსა და ლიდს იუნაიტედს უკავშირებენ.

"სეზონის საუკეთესო მოთამაშეს უცხოურმა გუნდებმა შესთავაზეს კონტრაქტი. მიზანი ტოპ ლიგაში გადასვლაა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერესს ახლად აღზევებული პრემიერ ლიგის გუნდები, ბარნლი, სანდერლენდი და ლიდს იუნაიტედი გამოხატავენ", - წერს laola1.

ოთარ კიტეიშვილის კარიერაში გამორჩეული წლებია: ზედიზედ ორჯერ მოგებული ავსტრიის თასი, რედ ბულ ზალცბურგის 10-წლიან დომინირებაში ჩარევა და ავსტრიის ჩემპიონატის ოქროს მედლების მიჯრით ორჯერ დაუფლება, გრაცის შტურმის ორი სეზონის ბომბარდირობა და ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ორი წლის განმავლობაში დასახელება. სეზონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა და მისმა გუნდმა რედ ბულის გუნდთან 13 აპრილს სტუმრად, ზალცბურგში გამართეს, სადაც საწყისი ტაიმი წააგეს, მეორე ნახევარში კი გუნდის ქართველმა ლიდერმა ჯერ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ზუსტ პენალტს საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლა დაამატა და უპრინციპულეს მატჩში გრაცელებს 3 ქულა მოუტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა შტურმის შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონატში ამ სეზონში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გაკეთა.

სხვა სტატიები