გადაწყვეტილია: ელმასი ლაიფციგში ითამაშებს - ამან შესაძლოა გავლენა კვარაზეც იქონიოს
"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ელიფ ელმასი კარიერას "ლაიფციგში" გააგრძელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრ პოზიციაზე, მათ შორის მარცხენა გარემარბად (ხვიჩა კვარაცხელიას ძირითადი სათამაშო ამპლუა) თამაში შეუძლია, გუნდს თითქმის 4 წლის შემდეგ დატოვებს და გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შეუერთდება.
24 წლის ფეხბურთელი, რომელიც თურქული წარმოშობის ოჯახშია დაბადებული, "ნაპოლიმდე" სწორედ სტამბოლის "ფენერბაჰჩეში" თამაშობდა. მან ნეაპოლელთა შემადგენლობაში 189 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა, 11 საგოლე პასი გააკეთა და სერია A-ს გამარჯვებული გახდა.
რაც შეეხება მის გავლენას 22 წლის ქართველი ვარსკვლავის მომავალზე, საქმე ისაა, რომ ჩრდილო მაკედონიელი გუნდში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. ეს რიცხვი ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულად საყვარელია და 77-ე ნომრიან მაისურსაც სწორედ იმიტომ ირგებს, რომ 7 ნომერი ელმასს ჰქონდა დაკავებული, ზამთრიდან კი შესაძლებელია კვარამ სათამაშო ნომერი შეიცვალოს.
2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 22 მატჩში 5 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.