Belive

ბრუნო ჯორდანო: "კვარას ფეხბურთი ხელოვნებაა - მან ჩემპიონის ხასიათი გამოავლინა"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიელმა ფეხბურთელმა, ბრუნო ჯორდანომ, რომელმაც კარიერის გამორჩეული პერიოდი, 14 წელიწადი "ნაპოლიში" გაატარა და ორჯერ სკუდეტოს მოგება მოახერხა, გუნდის ამჟამინდელ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ვეტერანი ფეხბურთელი, რომელმაც დიეგო მარადონასთან ერთად ნეაპოლს პირველი ორი სკუდეტო მოუტანა, ქართველის მიერ გატანილ გოლზე ალაპარაკდა.

"ერთი შეხედვით, ეს უბრალო დარტყმად მოგეჩვენებათ, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. ბურთთან შეხების მომენტი და ფიქრი, რომელიც ამ დროს მოუვიდა თავში, გამორჩეულია. ყველაფერი ეს, კვარაცხელიას ამ სფეროს დიდებულების გვერდით აყენებს.

კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ მას ჩემპიონის მგრძნობელობა და ხასიათი აქვს. რთულ სიტუაციაში, ტექნიკის გამოყენებით მოახერხა და სილვესტრის ხელის შეშლის საშუალება არ მისცა, თანაც ისე, რომ მცველების მხრიდან, ბურთის ართმევასაც გადაურჩა.

მან ყველაფერი მშვენივრად გააკეთა, გამოთვალა სივრცე, დრო და ბურთი კარში შეაგორა. თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ მან პირდაპირ კი არ დაარტყა, არამედ თავად შეიქმნა გოლის გასატანად საჭირო პირობები. ეს წინასწარ ზუსტად დაგეგმილი და სანტიმეტრებში გამოთვლილი გოლია. კვარას ფეხბურთი არის ხელოვნება", - თქვა ბრუნო ჯორდანომ.

საქართველოს ნაკრების ლიდერს, 2023/24 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 6 მატჩის ჯამში, 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები