"აქამდე ბევრი არ იცნობდა, მაგრამ სოლიდური მცველია" - ესპანური მედია ლუკა ლოჩოშვილის შესახებ საუბრობს
საქართველოს ნაკრებისა და იტალიის სერია B-ში დაქვეითებული "კრემონეზეს" ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ლა ლიგის ბინადარ "რაიო ვალეკანოში" ტრანსფერის შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება.
"რაიო ვალეკანო" სატრანსფერო ბაზარს იკვლევს და კლუბს ახალი სახელი და გვარი დაუკავშირეს. ახალი ცენტრალური მცველის ძიების პროცესში, მათ ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ლოჩოშვილს მიაგნეს, რომელიც 25 წლის და 1.92 სმ-ის სიმაღლისაა. მას აქამდე ბევრი არ იცნობდა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა დაამტკიცა, რომ სოლიდური მცველია. მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიც "დინამო თბილისი", ავსტრიული "ვოლფსბერგერი" და იტალიური "კრემონეზეა".
ლუკა გამოირჩევა ფიზიკური ძალითა და მრავალფეროვნებით, რადგან მას შეუძლია თამაში, როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე", - წერს grada3.com
რამდენიმე კვირაა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მცველი კარიერას სწორედ ლა ლიგაში გააგრძელებს. ის კარიერის განმავლობაში "დინამო თბილისში", კიევის "დინამოში", "ჟილინასა" და "ვოლფსბერგერში" თამაშობდა, 2022/23 წლების სეზონი კი სერია A-დან აწ უკვე დაქვეითებულ "კრემონეზეში" გაატარა და ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.