Belive

ანდრეს კარასკო: "კვარაცხელიას რეალის ფილოსოფიის მორგება და მისი მაისურის ტარება შეუძლია"

1 წლის წინ სხვა
3 წთ

"დინამო თბილისის" აკადემიის დირექტორმა, ესპანელმა ანდრეს კარასკომ, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ესპანურ გამოცემა as.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქართულ ფეხბურთში ახალი ნიჭიერი თაობის ზრდის შესახებ ისაუბრა და მათ შორის, მთავარი ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ოცნებას, მადრიდის "რეალში" თამაშსაც შეეხო.

"1990-იანი წლების მსგავს ნაკლებად გლობალიზებულ სამყაროში ქართული ფეხბურთი ევროპის ლიგებში გამოჩნდა ისეთი სახელებით, როგორიც არის ქინქლაძე, არველაძე, ქეცბაია, კობიაშვილი... ნიჭიერი მოთამაშეები, მაგრამ, მათ ალბათ, არასდროს ჰქონიათ დღევანდელი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი გავლენა.

კვარაცხელია, ნეაპოლის ლიდერი, რომელიც 22 წლის ასაკში უკვე მოინათლა, როგორც "კვარადონა", - ვკითხულობთ სტატიის შესავალში.

"დიეგოსთან შედარება გაზვიადებულია, მაგრამ ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა გავლენა იქონია კვარაცხელიამ ადგილობრივ გულშემატკივრებზე. კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთი რუკაზე დააბრუნა. რასაც ის აკეთებს კვირიდან კვირამდე შესანიშნავი მტკიცებულებაა ამ ყველაფრის.

"ბარსას" მსგავს აკადემიებში ვყოფილვარ მოწმე, როგორი რთულია ასეთი მნიშვნელოვანი კლუბების პირველი გუნდის მაისურის მორგება. ვიცი, თუ რამდენად რთულია ამ მაისურით წარმატების მიღწევა, მისთვის ეს საგრძნობი ნახტომი იქნებოდა. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის მოერგება იმ ფილოსოფიას, რომელიც თეთრ კლუბს აქვს და რომელიც რბოლის და კბილებით ბოლომდე ბრძოლისგან შედგება. კვარაცხელია ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარი იყო და არ მგონია, მათთან ასოცირების გამო პრობლემა ჰქონდეს.

ის ყოველთვის ძალიან თავმდაბალი ბიჭი იყო, ჩვენ მის ოჯახსაც ვიცნობთ. ჩვენი აკადემიის ახალგაზრდა მოთამაშეები მას პირადად იცნობენ, მეგობრობენ და ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია.

თავიდან ის არ იყო საუკეთესო არც აკადემიაში და არც თავის ახალგაზრდულ გუნდში. მინახავს ბავშვები, რომლებიც თავიდანვე ვიცოდი, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, მაგალითად "ბარსელონაში" ასეთი ანდრეს ინიესტა იყო, ამ ბიჭის პროგრესით კი გაოცებული დავრჩი.

"დინამოს" აკადემიის წარმატებული მუშაობის კიდევ ერთი დასტური გიორგი მამარდაშვილია. ადრე, მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ, რომლებსაც განსაკუთრებული ინდივიდუალისტური ხასიათი ჰქონდათ, ახლა კი ჩენ ყველა პოზიციისა და პროფილის წარმატებულ ბიჭებს ვზრდით.

აშკარაა, რომ ჩვენ ვართ იმ ბაზრის ნაწილი, რომელიც დიდ კლუბებს ჯერ არ გამოუყენებიათ. ჩვენს აკადემიაში რაღაც განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს, რომელიც, თუ არაფერი შეუშლის ხელს, 3-4 წელიწადში ევროპაში სხვაობას შექმნის", - თქვა 45 წლის სპეციალისტმა.

ანდრეს კარასკო "დინამო თბილისის" აკადემიას თავდაპირველად, 2011-12 წლებში ხელმძღვანელობდა, როცა აკადემია შენების პროცესში იყო და სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში სწორედ მან შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი, 2022 წლის 1 იანვრიდან კი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში დაბრუნდა. მას კარიერის ყველაზე დიდი პერიოდი (1999-2011) წლებში "ბარსელონაში", კერძოდ "ლა მასიაში" აქვს გატარებული.

სხვა სტატიები