კვარას და სხვა ლიდერების გარეშე? - სპალეტი წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას გეგმავს
პრესტიჟული იტალიური საფეხბურთო გამოცემები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "მილანთან" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის წინ, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი გუნდის ლიდერების დასვენებას აპირებს.
როგორც gazzetta dello sport-ი წერს, იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში, "ვერონასთან" გასამართ შეხვედრაში 64 წლის სპეციალისტი გუნდის რამდენიმე ლიდერის, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას და სტანისლავ ლობოტკას დასვენებას აპირებს.
"იქიდან გამომდინარე, რომ "ნაპოლის" "მილანის" წინააღმდეგ კიმ მინჯაე და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ვერ დაეხმარებიან, ისინი სერია A-ში ითამაშებენ, სიურპრიზის სახით კი შესაძლოა შემადგენლობაში ლეო ოსტიგორიც ვიხილოთ.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, არსებობს ცდუნება, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ძერბინმა ჩაანაცვლოს. რჩება ბერეჟინსკისა და დემეს ჰიპოთეტური ვარიანტებიც", - წერს გამოცემა.
"ნაპოლისა" და "ვერონას" მატჩი 15 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება და სტარტს 23:00 საათზე აიღებს.