ზუროსი: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო ქართველად ვგრძნობ თავს, ვიდრე - ბერძენად''
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, ავსტრალიასთან წაგებულ მატჩზე ისაუბრეს:
გიორგი შერმადინი - წაგების შემდეგ საუბარი რთულია, თუმცა სხვა რა გზაა, ვულოცავთ ავსტრალიას, კარგად ითამაშეს. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ საკვანძო კალათბურთელები გვაკლდა. ეს მატჩი ჩვენთვის არაფერს წყვეტდა, მაგრამ მოგება მაინც გვინდოდა. თუმცა, არაუშავს, ბედნიერი ვართ იმით, რაც შევძელით.
და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მწვრთნელს, მან აქ თამაშის შესაძლებლობა მოგვცა. მადლობა მთელ ჩვენს გუნდს, მათ შესანიშნავად იმუშავეს. ასევე, მადლობა ფიბას, აქ ყოფნა ბრწყინვალე იყო, ყველაფერი - მოგზაურობა, სასტუმრო, ორგანიზაციული საკითხები. ახლა კი დროა, სახლში დავბრუნდეთ და ჩვენი საქმე გავაგრძელოთ.
ილიას ზუროსი - პირველ ყოვლისა, ავსტრალიის ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას, შესანიშნავი გუნდია, დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, სწრაფები არიან, იციან კალათბურთი. სამწუხაროდ, ყველა გუნდი ფინალში ვერ მოხვდება, მაგრამ, ვიტყვი, რომ კარგი თამაში იყო და მათ მოგება დაიმსახურეს.
ბედნიერი ვართ, რომ აქ ვიყავით, ეს საქართველოსთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მადლობა ყველას, ვინც ორგანიზაციულ საკითხებში მიიღო მონაწილეობა, ასევე, ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. ჩემი გუნდით ამაყი ვარ, ამ ტურნირში იმაზე უფრო მეტს მივაღწიეთ ვიდრე, გვეგონა. შევედით ტოპ 16-ში და ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე ვითამაშებთ.
რა თქმა უნდა, რთულია ასე დაასრულო ტურნირი, მაქვს რაღაც ემოციები რომლის გამოხატვაც მიჭირს. ყველა ჩემი კალათბურთელი მიყვარს, მიყვარს ეს ქვეყანა და ხალხი, მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო ქართველად ვგრძნობ თავს, ვიდრე - ბერძენად. ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა, მადლობა, რომ 8 წელია უკვე აქ ვარ. მჯერა, რომ ამ გუნდში მთელი ჩემი გული და სული ჩავდე.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მატჩის მოგება შეძლო (კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან), რითაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა (საუკეთესო 16 ნაკრებში), სადაც ორივე მატჩი დათმო (გერმანიასთან და ავსტრალიასთან) და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა.