ზუროსი ავსტრალიასთან მატჩზე: ,,ჩვენი მზაობის შესამოწმებლად ფანტასტიკური შანსი გვაქვს''
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ავსტრალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენი იაპონიაში ყოფნის პირველ დღეებში ადაპტაციას ვცდილობთ, ვეჩვევით ახალ დროს და სიტუაციას. ჩემი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ.
ხვალ ძალიან რთული თამაში გვექნება და ეს კარგად ვიცით. ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თამაშის ხარისხითა და მაღალი კლასის მოთამაშეებით ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებენ. შესაბამისად, ჩვენი მზაობის შესამოწმებლად ფანტასტიკური შანსი გვაქვს. ცოტა მეტს ვიმუშავებთ, გამოვასწორებთ სუსტ მხარეებს, რათა მწყობრში ვიყოთ იმ ძირითადი ტურნირისთვის, რომელიც 26-ში დაიწყება.
ჩვენი ფოკუსი კაბო ვერდესთან პირველი მატჩისკენაა მიმართული, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი თამაში იქნება და ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად კარგად ვითამაშებთ, თამაშით ვისიამოვნებთ. ვიტყვი, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, ვისწავლოთ და მოვემზადოთ იმ მატჩებისთვის, რომელიც მალე მოგველის,'' - განაცხადა ზუროსმა.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ხვალ ჩანიშნული მატჩი დახურული სახის იქნება და პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.