FIBA-მ ლატვიისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი გამოარჩია
მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIBA) ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე, 10 აუცილებლად სანახავი შეხვედრა გამოავლინა, სადაც ლატვიისა და საქართველოს დაპირისპირებაც მოხვდა.
FIBA აღნიშნავს, რომ A-ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ლატვიისა და საქართველოს მატჩი გაიმართება. ეს იქნება ევროპული ქვეყნების შოუ, რომელთაც ამ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ და ოლიმპიადისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს აქვს შანსი, რომ ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზოს - ლატვიას კი 1936 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, კიდევ ერთხელ მიეცემა მონაწილეობის შანსი. მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ, ლატვია ფავორიტია, თუმცა ეს გარემოება მასპინძლებს წნეხსაც უზრდის.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს, მატჩები კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც B ჯგუფის (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი) პირველ და მეორეადგილოსნებს შეხვდება.