Belive

"ვცდილობ ყოველთვის სწორად ვიმოქმედო" - ალექსანდრე მერკვილაძე

2 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანია სტუმრად 71:89 დაამარცხა.

მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ 12:12 დასრულდა, მეორე და მესამე პერიოდები კი გადამწყვეტი აღმოჩნდა და სწორედ ამით გაიმარჯვა ჩვენმა ნაკრებმა - 20:27, 15:38, უკანასკნელი ბოლო მეოთხედი უკვე ფორმალური ხასიათის იყო და დანიელებმა 24:12 მოიგეს.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე დებიუტანტმა ალექსანდრე მერკვილაძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ისაუბრეს:

მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელების და შტაბის, რომ ნდობა გამომიცხადეს და ასეთი ტიპის მატჩში მათამაშეს. განსაკუთრებით, ჩვენ ვიცით თუ როგორი მოთამაშეები ჰყავს ნაკრებს ჩემს პოზიციაზე, ისეთები როგორებიც არიან: თოკო, ბექა, რომელსაც სამწუხაროდ მცირე ტრავმა აქვს, კორსანტია. მე მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობებისთვის. ჩემმა მწვრთენელბმა მასწავლეს, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯო, დავაგროვებ თუ არა ქულებს, ვცდილობ ყოველთვის სწორად ვიმოქმედო, ვითამაშო დაცვაში და შევასრულო ის დავალებები, რასაც მწვრთნელი მთხოვს, სწორედ ეს გავაკეთე დღეს. - ალექსანდრე მერკვილაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი
დანიამ ითამაშა ისე, როგორც ვიცოდით, რომ ითამაშებდა. დანია მებრძოლი, აქტიური, ათლეტური და მობილური გუნდია, ისინი არასდროს ნებდებიან. კარგად ვითამაშეთ, ბევრი ბურთი ჩავაგდეთ, მეოთხე მეოთხედში კი სხვაგვარად ვითამაშეთ. მეოთხე პერიოდით ნამდვილად არ ვარ ბედნიერი, მაგრამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, რადგან როდესაც ბოლოს აქ ვითამაშეთ, დავმარცხდით. მინდოდა, რომ გუნდს სრული კონცენტრაციით ეთამაშა მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ეს არ გამოვიდა. საერთო ჯამში მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება მარკის რიდის შემთხვევას.. იცით, ასეთი სიტუაცია იყო, თოკომ ითამაშა, თვითმფრინავში ჩაჯდა, იმგზავრა და კოპენჰაგენში ჩამოვიდა, ერთად ვარჯიშიც კი ვერ მოვახერხეთ. სიტუაცია ის განვითარდა, რომ ეს ორი უმნიშვნელოვანესი კალათბურთელი ერთმანეთს პირველად გასახდელში შეხვდნენ. მარკის რიდის თამაშისადმი მიდგომითა და დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ, დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ ამავდროულად ვიცით, რომ შეტევაში უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ჩვენ ვსწავლოთ ერთმანეთთან თამაშს და ეს გრძელვადიანი პროცესია.

კამარ ბოლდუინიც დაბრუნდება მას აქვს საქართველოს პასპორტი, ასე რომ გაგვიმართლა, რომ ორი ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს. ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ მოთამაშეები რეალურად მსხვერპლს იღებენ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, ეს ყველა კალათბურთელს ეხება, არამარტო ნატურალიზირებულს. სეზონის დასრულებისთანავე ახალი შეკრება იწყება და ფაქტობრივად, შენი სეზონი კიდევ 3 კვირით გრძელდება, ეს სარისკოც არის და დამღლელიც, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ ვერ ვხვდებით რამდენად რთულია ეს.

მოკლედ, პირდაპირ, რომ გიპასუხოთ, იმედი გვაქვს, რომ ორივე ხელმისწავდომი იქნება, გუნდში მდგომარეობას შევაფასებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გუნდისთვის რაც საუკეთესო იქნება, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ. - ალექსანდრ ჯიკიჩი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შეხვედრაში 24 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, 18 ქულა ჩააგდო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა მარკუს რიდმა, დანიელთა მხრიდან 15 ქულით თავი გამოიჩინა ტობიას იენსენმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშის სტატისტიკა:

  • თორნიკე შენგელია - 24 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა

  • მარკუს რიდი - 18 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრა

  • დუდა სანაძე - 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა

  • ალექსანდრე მერკვილაძე - 12 ქულა და 2 მოხსნა

  • კახაბერ ჯინჭარაძე - 7 ქულა და 2 მოხსნა

  • გიორგი ოჩხიკიძე - 7 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრა

  • რატი ანდრონიკაშვილი - 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა

  • გიორგი ტურძილაძე - 4 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 3 დაფარება

  • ვილი ისიანი - 1 მოხსნა

  • გიორგი კორსანტია - 2 მოხსნა

  • ალექსანდრე ფევაძე - 5 მოხსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩს კვლავ დანიის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 2 მარტს, 21:00 საათზე თბილისში გაიმართება.

სატურნირო ცხრილი ამჟამად ასე გამოიყურება:

  1. ესპანეთი - 6 ქულა (3 მოგება)

  2. უკრაინა - 5 ქულა (2 მოგება, 1 მარცხი)

  3. საქართველო - 4 ქულა (1 მოგება, 1 მარცხი)

  4. დანია - 3 ქულა (3 მარცხი)

სხვა სტატიები