ვასილის სპანულისი: "ორმა კალათბურთელმა მოგვივო მთელ საბერძნეთს - ჩვენი თამაში კატასტროფა იყო"
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში, მეცხრე მატჩი სტუმრად, საბერძნეთთან ჩაატარა და ოვერტაიმში, 88:92 დაამარცხა მეტოქე. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან ბერძნებს მერვედ შევხვდით და ოფიციალურ მატჩში პირველად დავამარცხეთ (ერთხელ ეს აკროპოლისის თასზე, ამხანაგურად შევძელით).
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ბერძენმა კალათბურთელმა და ამჟამად საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრნელმა - ვასილის სპანულისმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა ნაკრებმა ძალიან ცუდი კალათბურთი აჩვენა.
„უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, თამაში ჩვენს ხელში იყო და მოხდა უამრავი ისეთი რამ, რაც არ უნდა მომხდარიყო - თამაშს თავიდან უნდა ვუყუროთ და დავთვალოთ, რამდენი ახლო მანძილიდან სროლა ავაცილეთ. ათზე ან თორმეტზე მეტი იყო. ასეთია კალათბურთი. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ეს მძიმე მარცხია და სულ ეს არის.
რვაწამიანი დარღვევა დავუშვით. სამქულიანი მივიღეთ ისეთი მაღალი მოთამაშისგან, რომელსაც მანამდე სამიანი არასდროს ჰქონდა ჩაგდებული - აქამდე 0%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
შეცდომები დავუშვით. მჯერა, რომ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ცუდად წასულიყო, ცუდად წავიდა იმისთვის, რომ ასეთ შედეგამდე მივსულიყავით. გამაზული საჯარიმოს შემდეგ არასპორტული ჯარიმა ავიკიდეთ. ვფიქრობ, მოხდა ბევრი ისეთი რამ, რასაც კალათბურთში ხშირად ვერ ნახავთ.
გულწრფელები ვიყოთ: კალათბურთი, რომელიც დღეს ვითამაშეთ, საშუალოზე დაბალი დონის იყო. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ფაქტობრივად, ორ მოთამაშესთან წავაგეთ, მიუხედავად იმისა, რომ განხილული გვქონდა, როგორ უნდა გვეთამაშა მათ წინააღმდეგ. ეს ცუდი მარცხი იყო და სამწუხაროა, რომ 2 კაცმა მთელ საბერძნეთს მოგვიგო...
ამ ყველაფრის მიუხედავად, მოგებასთან მაინც ახლოს ვიყავით და მერე მოხდა ყველაფერი, რაც მოხდა. უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოვადგენთ. საბერძნეთს წარმოვადგენთ. და სანამ იმედი არსებობს, მთელი გულით უნდა ვიბრძოლოთ, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ.
წინ უნდა წავიდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, შეცდომების ანალიზს და მომდევნო თამაშისთვის მზადებას. ამ შემთხვევაში სხვა არაფერი შეგვიძლია..." - ვასილის სპანულისი
გუნდმა ეს მოგება თორნიკე შენგელიას მიუძღვნა - საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე და ჯგუფში მეექვსე მოგებაა, 15 ქულა ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს აქვს და შესაბამისად ამ თანმიმდევრიბით არიან პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე. საქართველოს ნაკრებს სამი შეხვედრის ჩატარება დარჩა: პორტუგალიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან, ამჯერად შინ.