ვირტუსი სუპერთასის ფინალში მილანთან დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო სეზონი სუპერთასის მატჩებით იწყება. ფინალში "ვირტუს ბოლონია" "მილანოს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში, ანგარიშით 98:96 დამარცხდა. ტურნირი 4 გუნდს შორის გაიმართა, ნახევარფინალურ დაპირისპირებებში ბოლონიამ "ნაპოლის" მოუგო, მილანმა კი "ვენეციას".
ფინალის მიმდინარეობისას ვირტუსი 16-ქულიანი სხვაობითაც იგებდა, ოვერტაიმში 5 ქულით წინაც იყო, თუმცა საბოლოოდ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 34 წუთი გაატარა, თორნიკემ 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ნახევარფინალშიც, სადაც თავის გუნდს 21 ქულა მოუტანა.
იტალიის საკალათბურთო სერია A სტარტს 28 სექტემბერს აიღებს, მეორე დღეს ვირტუსი პირველ შეხვედრას "ტრაპანის" წინააღმდეგ ჩაატარებს.