Belive

უკრაინის ნაკრების მწვრთნელის უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-5 ტურის მატჩი, უკრაინის წინააღმდეგ გამართა და მძიმე ბრძოლაში, 79:66 დამარცხდა. მატჩის უკანასკნელ წამებზე, უკრაინის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლატვიელმა მთავარმა მწვრთნელმა - აინარს ბაგაცკისმა, ემოციების გაკონტროლება ვერ შეძლო და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ არასასიამოვნო ქმედებით გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში - მსგავსი არასპორტული საქციელის ადგილი არ არის. ლატვიელი მწვრთნელის ქმედებას, სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით, უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ბოდიში მოიხადა. ბაგაცკისის ქმედებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ვიქტორ სანიკიძეც გამოემხაურა, რომელმაც მომხდარი დაგმო. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში ვიქტორ სანიკიძემ, პასუხისმგებლობა ლატვიელ მწვრთნელს დააკისრა.
"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი". "არსებობს რაღაც მორალური მხარე. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება. გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია". "გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო", -აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

სხვა სტატიები