Belive

"თორნიკე შენგელია მებრძოლი კალათბურთელია" - დუშკო ივანოვიჩი

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს 1/4-ფინალური ეტაპის პლეი-ოფის გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანესს შეხვედრაში ვირტუს ბოლონიამ ვენეცია 86:84 დაამარცხა. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, სწორედ ქართველმა ჩააგდო მატჩის მომგები 2-ქულიანი და ბოლონიური გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ სერიის მე-3 შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, მე-4 შეხვედრაც სწორედ ამ მიზეზის გამო გამოტოვა. მისი თამაში მე-5 მატჩამდეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ვირტუსის მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა:

ძალიან დრამატული და რთული თამაში იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი კარგ კალათბურთს თამაშობდნენ, კარგი პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ ვფიქრობ რწმენა, ბრძოლა, მოთმინება და სათამაშო იღბალი ამ თამაშის მოსაგებად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ ფინალამდე ადრეა, მაგრამ სწორედ ბოლომდე მისვლა და მოგებაა ჩვენთვის მთავარი.

თორნიკე შენგელიას რაც შეეხება, დილით ბევრჯერ გამიმეორა, რომ თამაში უნდოდა, მე ვუთხარი, რომ დარწმუნებული არ ვიყავი თუ იყო მზად სათამაშოდ, მაგრამ მას მაინც სურდა თამაში და სულ ამას იმეორებდა, ამიტომ მას მიეცა დრო. ის მებრძოლი და ლიდერია, დღეს ის ნამდვილად დაგვეხმარა, განსაკუთრებით შეტევაში, რადგან გამოსავლის მოძებნა სწორედ ასეთი სიტუაციიდან შეიძლებოდა და მატჩის ბედიც ამ სროლამ გადაწყვიტა. - დუშკო ივანოვიჩი - ვირტუს ბოლონიას მთავარი მწვრთნელი

თორნიკე შენგელიამ 3 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა (1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვირტუს ბოლონია მომდევნო ეტაპზე, პლეი-ოფის 1/2-ფინალურ ეტაპზე ოლიმპია მილანოს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 31 მაისს, 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები