თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს 21 თებერვალს, საღამოს ვარჯიშზე, ალმერეს არენა Topsportcentrum-ში შემოუერთდა. ეროვნული ნაკრების ექიმთან, თემურ ხვედელიძესთან ერთად კაპიტანი ამსტერდამის აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში მივიდა, სადაც ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საღამოს ვარჯიში მიმდინარეობდა.
შენგელია ჯერ ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიესალმა, შემდეგ კი, სავარჯიშო შესვენებისას, ყველა მოთამაშეს სათითაოდ. შენგელიამ, ცხადია, არ ივარჯიშა და მოთამაშეების გათამაშებულ კომბინაციებს გულისყურით აკვირდებოდა. პერიოდულად ბიჭებს საჭირო მითითებებს აძლევდა კომბინაციის ზუსტად შესასრულებლად.
ნაკრებში არ უვარჯიშია გიორგი კორსანტიას, რომელსაც ტემპერატურა ჰქონდა და ექიმების გადაწყვეტილებით სასტუმროში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელითაა, რომელთაგან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, 19:30 საათზე (თბილისის დროით 22:30) საათზე გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, 2022 წლის 24 აგვისტოს სწორედ ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო მხრის მძიმე ტრავმა.
თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი სწრაფი შეტევისას ტრავმა მიიღო. იგი ექიმებმა ჯერ გასახდელში გაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თორნიკეს უმძიმესი დაზიანება – მხრის მოტეხილობა ჰქონდა. სერიოზული დაზიანების გამო, შენგელიამ ევრობასკეტი გამოტოვა.
წყარო: gbf.ge