Belive

სლოვენია პოლონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

დღეს ევრობასკეტზე ბოლო 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს სლოვენია და პოლონეთი დაუპირისპირდნენ.

სლოვენიელები ამ შეხვედრის უპირობო ლიდერებად ითვლებოდნენ, თუმცა, მატჩში მოვლენები ძალიან მოულოდნელად განვითარდა. პოლონელებმა მეტოქეს დიდი სიურპრიზი მოუმზადეს და პირველი ტაიმი 39:58 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედი სლოვენიამ 16 ქულით, 13:29 დათმო. თუმცა, მეორე ტაიმში პოლონეთი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მათ მესამე მეოთხედში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდეს. რაც შეეხებათ მოქმედ ევროპის ჩემპიონებს, მათ მოწინააღმდეგეებს 24 ქულა ჩაუგდეს. ამ ყველაფერმა მატჩში გარდამტეხი როლი ითამაშა და სლოვენიამ პოლონეთს გაასწრო. მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, გუნდები ერთმანეთს შორს გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელთა ლიდერს ლუკა დონჩიჩს ცუდი თამაში ჰქონდა. გარდა იმისა, რომ მან 11 ქულაზე მეტი ვერ აიღო, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოედნიდან გააძევეს. პოლონეთმა კი ამ ყველაფრით ისარგებლა და წინ გაიჭრა. შეხვედრის ბოლომდე კი, მათ ეს უპირატესობა შეინარჩუნეს და გაიმარჯვეს კიდეც.

საბოლოო ჯამში, პოლონელებმა შეხვედრა 87:90 მოიგეს და 1/2 ფინალშიც გავიდნენ, სადაც საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

პოლონეთის მხრიდან საუკეთესო მათი გუნდის ლიდერი მატეუშ პონიტკა იყო, რომელმაც 26 ქულა, 16 მოხსნა, 10 ასისტი გააკეთა და ევრობასკეტის ისტორიაში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება სლოვენიას, მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი ჩანჩარი იყო, რომელმაც 21 ქულა აიღო.

ნახევარფინალური შეხვედრები 16 სექტემბერს გაიმართება და სწორედ პოლონეთი გამართავს პირველ მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ. მეორე 1/2 ფინალური დაპირისპირება გერმანიასა და ესპანეთს შორის შედგება. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის მატჩებს გერმანია, კერძოდ კი ბერლინი მასპინძლობს.

სხვა სტატიები