ოფიციალურად: FIBA-მ მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის კალათები წარადგინა
FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელშიც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის პრინციპია განმარტებული.
მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართება. მუნდიალზე მონაწილე ნაკრები გუნდები 8 კალათში გადანაწილდნენ და სპეციფიკური პრინციპით დაუწყვილდებიან ერთმანეთს.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე, მონაწილე ქვეყნების რეიტინგი და ასევე გეოგრაფიული მდებარეობა იქონიებს გავლენას. ფილიპინები და იაპონია მუნდიალის მასპინძლები არიან და მატჩებს საკუთარ ქვეყნებში - იმ ჯგუფების შემადგენლობაში გამართავენ, რომელიც ფილიპინებსა და იაპონიაში იასპარეზებს. კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, მასპინძლებმა სასურველი გუნდები შეარჩიეს, რომლებიც მათ ქვეყნებში იასპარეზებენ. ცნობილია, რომ აშშ - ფილიპინებში, სლოვენია - იაპონიაში, ხოლო კანადა - ინდონეზიაში იასპარეზებს.
კალათებში განთესილი ნაკრები გუნდები
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრები 8 კალათში გადანაწილდა. თითოეულ კალათში 4 მონაწილეა. ფილიპინები, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისა და ფინალური ფაზის მასპინძელი, პირველ კალათში მოხვდა. ყველა სხვა დანარჩენი ნაკრები სხვადასხვა კალათში, რეიტინგის მიხედვით გადანაწილდა.
პირველი კალათი: ფილიპინები, ესპანეთი, აშშ, ავსტრალია
მეორე კალათი: საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა
მესამე კალათი: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ბრაზილია
მეოთხე კალათი: კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პუერტო რიკო
მეხუთე კალათი: ირანი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ფინეთი, ახალი ზელანდია
მეექვსე კალათი: ჩინეთი, ლატვია, მექსიკა, საქართველო
მეშვიდე კალათი: იორდანია, იაპონია, ანგოლა, კოტ დ'ივუარი
მერვე კალათი: ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი, კაპე ვერდე
როგორ ჩატარდება წილისყრა?
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ფორმატი მოცემულ ვიდეოშია ახსნილი.
ყურადღებას მეექვსე კალათზე გავამახვილებთ, რომელშიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებია განთესილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო მე-6 კალათში, ჩინეთთან, ლატვიასთან და მექსიკასთან ერთად მოხვდა.
- მექსიკა ვერ მოხვდება ჯგუფში, რომელშიც ამერიკის სხვა ნაკრები გუნდი იასპარეზებს
- ლატვია და საქართველო ვერ მოხვდებიან ჯგუფში, რომელშიც უკვე იასპარეზებს 2 ევროპული ნაკრები
გასათვალისწინებელია მონაწილეების გეოგრაფიული მდებარეობა. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე - ერთ ქვეჯგუფში მოხვდება აფრიკის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის მხოლოდ 1 წარმომადგენელი და ევროპის 1 ან მაქსიმუმ 2 ნაკრები გუნდი. შესაბამისად საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები მე-2, მე-4 და მე-8 კალათებიდან შეირჩევა.
შეგახსენებთ, რომ რომ 2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. მუნდიალს ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს.