შერმადინის 7 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ხირონაში
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" მოგებათა სერიას აგრძელებს. ესპანეთის ჩემპიონატის 3 წაგებით დაწყების შემდეგ ტენერიფელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. კუნძულელთა მორიგი მსხვერპლი ლიგის დებიუტანტი, თუმცა სეზონის 3 გამარჯვებით დამწყები "ხირონა" გახლდათ. შერმადინის გუნდი ხირონელებს სტუმრად შეხვდა და საკმაოდ კომფორტული გამარჯვება გაიფორმა – 79:66.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, საკუთარ გუნდს კი 7 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზოგადად, კანარიელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ყველაზე შედეგიანი მხოლოდ 13 ქულით ჟოან სასტრე იყო.
"ლენოვო ტენერიფე" ლიგა ენდესაში 2 მოგებითა და 3 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge