საქართველომ ესტონეთი გაანადგურა | 20-წლამდე კალათბურთელები პლეი ოფში ითამაშებენ
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრები B დივიზიონის, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ესტონელი თანაგუნდელები 37-ქულიანი სხვაობით, 97:60 გაანადგურეს. კოტე ტუღუშის გუნდმა ჯგუფში ჩატარებული 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა.
შეხვედრის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გიორგი სულაბერიძე გახდა, 26 წუთში ქართველს 21 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ სულაბერიძემ ჯგუფის წინა თამაშში ბულგარეთის ნაკრებთან 22 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. დღეს ბახტაძემ ნაკრებს 20 ქულა მოუტანა და მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა გიორგი ოჩხიკიძემ - 15 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. გამორჩეულად კარგად ითამაშეს ანრი ბელთაძემ და ბაქარ ბერეკაშვილმა, მათ 11-11 ქულა დააგროვეს. საქართველოს ნაკრები 3-ქულიანებს 47%-იანი სიზუსტით ესროდა (10/21).
ჩვენს ჯგუფში რუმინეთს ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი პირველ ადგილს დაიკავებენ (საქართველოსთან გამარჯვების გამო). ჩვენი ნაკრები მეოთხედფინალში C ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება - მეტოქე უნგრეთი, შვედეთი ან უკრაინა იქნება.